სოზარ სუბარი - საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე საუბარი მარტივი მცდელობაა, დააბრუნონ ის ხელისუფლება, რომელიც იქნება ყურმოჭრილი მონა, ამის იმედი ნურავის აქვს, ნურც ქალბატონ შაჰინს
სოზარ სუბარი - საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე საუბარი მარტივი მცდელობაა, დააბრუნონ ის ხელისუფლება, რომელიც იქნება ყურმოჭრილი მონა, ამის იმედი ნურავის აქვს, ნურც ქალბატონ შაჰინს

ორ ქვეყანას შორის, განსაკუთრებით სტრატეგიულ პარტიორთან ურთიერთობებს აზიანებს ისეთი განცხადებები, როგორიც არის მოწოდებები, მაგალითად, უკრაინაში მყოფი ქართველი მებრძოლებისადმი,  ჩამოვიდნენ და იარაღით გაყარონ ხელისუფლება, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

სუბარის თქმით, საზოგადოებისთვის აუცილებელია, რომ ყველა კითხვას პასუხი გაეცეს.

„როცა ასეთ განცხადებას აკეთებს ამერიკელი კონგრესმენი ბატონი კიზინგერი, რომელიც ამავდროულად საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წევრია, ეს აზიანებს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ პარტნიორობასა და ურთიერთობებს. როდესაც საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს ვეკითხებით, რამდენად მისაღებია მისთვის ეს განცხახება და ემიჯნება თუ არა, ის ამბობს, რომ ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური განცხადებაა და ჯდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში. ამით ის ირიბად მხარს უჭერს ბატონი კიზინგერის განცხადებას. თუ რამე აზიანებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს, ეს ასეთი განცხადებებია. ამ კითხვებზე ჩვენ თუ გვეცოდინება მკაფიო პასუხები, ვინ არის საქართველოში სამხედრო გადატრიალების მომხრე და ვინ მოწინააღმდეგე, ეს იქნენა ძალიან კარგი, გვეცოდინება, ვისთან როგორი ურთიერთობა გვქონდეს“, – განაცხადა სუბარმა.

სოზარ სუბარის განცხადებით, დემოკრატიის ის დონე, რომელიც ახლა არის საქართველოში, აქამდე არასდროს ყოფილა.

„დიდი ხანია, ცდილობენ ერთი ძალიან საინტერესო ტერმინის დამკვიდრებას, რაც წამოვიდა პირველად გარკვეული პოლიტიკოსებისგან და ახლა ნელ-ნელა, სულ უფრო და უფრო ხშირად გამოიყენება, ეს არის დემოკრატიული უკუსვლა. ეს აბსოლუტურად მოგონილი ტერმინია. სათქმელი არაფერი აქვთ, ეს არის შინაარსისგან დაცლილი სიტყვები, რადგან საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა კი არ არის, საქართველოში დემოკრატიის ის დონეა, რომელიც ამ ქვეყანაში არასდროს  ყოფილა, მაგრამ ამ ტერმინებს ამკვიდრებენ და ამერიკის სენატში მოსმენებზეც, სამწუხაროდ, ეს გაჟღერდა.

ეუთო-ში საერთოდ არაფერ შუაში რომ არ იყო, რომელიღაც დოკუმენტში მაინც შეაპარეს ეს ტერმინი. დემოკრატიული უკუსვლა არ დაგვარქვან, ამისთვის უნდა ვაწამოთ ციხეებში პატიმრები? ქონება წავართვათ ადამიანებს და აბსოლუტური ერთმმართველობა იყოს? პრეზიდენტს ყველანაირი ძალაუფლება მივცეთ ისე, რომ არავინ არაფერს ეკითხებოდეს? სასამართლოში წლის განმავლობაში ერთი გამამართლებელი განაჩენი უნდა დგებოდეს? როგორიც ეს იყო 2008 წელს ან ხუთი გამამართლებელი განაჩენი, როგორც 2007 წელს იყო. ეს არის თურმე დემოკრატიის სტანდარტი იმ ადამიანებისთვის, ვინც დღეს საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე ლაპარაკობენ. ეს არის მარტივი მცდელობა, დააბრუნონ საქართველოში ის ხელისუფლება, რომელიც იქნება არა დემოკრატიული პრინციპების ერთგული და დასავლეთის პარტნიორი, არამედ ყურმოჭრილი მონა ნებისმიერ საკითხში. მაგალითად, თუ ეტყვიან, დაიწყე ომი, დაიწყებს ომს. ეს არ მოხდება და ამის იმედი ნურავის აქვს, ნურც ქალბატონ შაჰინს, რომელიც თავის დროზე კატეგორიულდ გვთხოვდა, რომ არ მომხდარიყო სააკაშვილის, მერაბიშვილის და უამრავი კრიმინალის პასუხისგებაში მიცემა“, – განაცხადა სუბარმა.