სოზარ სუბარი - საკრებულოებში ლოკალური კრიზისები არის და სადაც ვერ მოინახება გამოსავალი, იქ იქნება არჩევნები
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი აცხადებს, რომ საკრებულოებში ბიუჯეტები დამტკიცებულია და შესაბამისად, ეს პროცესი ვერ შექმნის მომავალი წლის საქმიანობის დაწყებაში პრობლემებს.
„პირველი იანვრიდან ახლად არჩეულ მერებს, მუნიციპალიტეტებს შეეძლებათ, დაიწყონ იმ პროგრამების განხორციელება, რომლებიც ბიუჯეტში არის ჩადებული და რაზეც დაპირებები იყო გაცემული. რაც შეეხება ლოკალურ კრიზისებს, ასეთი ლოკალური კრიზისები არის და იმედია, მონახავენ გამოსავალს. სადაც ვერ მოინახება გამოსავალი, იქ იქნება საკრებულოს არჩევნები“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
ამასთან, სოზარ სუბარის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანია დესტრუქცია.
„რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, ცხადია, მათი მიზანია დესტრუქცია, ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რომ მუშაობაში ხელი შეუშალონ თვითმმართველობებს, ცენტრალურ ხელისუფლებებს და საბედნიეროდ, ისინი ამას ვერ აღწევენ. თუმცა, ცალკეულ მუნიციპალიტეტებში შეიძლება, მცირე პრობლემები შექმნან. პრობლემებს ვერ შექმნიან ისევ და ისევ იმის გამო, რომ დამტკიცებულია ბიუჯეტები. ამასობაში, ზოგიერთ მუნიციპალიტეტში გამოიკვეთა თანამშრომლობა „ნაციონალურ მოძრაობასა“ და გახარიას შორის და ვულოცავ, კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგეს ერთმანეთთან ურთიერთობაში“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.