სოზარ სუბარი - არ არსებობს სახელმწიფო, რომელიც ამბობს, რევოლუციას დავაფინანსებო, ერთია, როცა პარტიების განვითარებას აფინანსებ და მეორეა, როცა პარტიები ამბობენ, რომ რევოლუციის გარდა არაფერი აინტერესებთ
სოზარ სუბარი - არ არსებობს სახელმწიფო, რომელიც ამბობს, რევოლუციას დავაფინანსებო, ერთია, როცა პარტიების განვითარებას აფინანსებ და მეორეა, როცა პარტიები ამბობენ, რომ რევოლუციის გარდა არაფერი აინტერესებთ

მეხუთე რაუნდი ძალაშია, თუმცა მისი გამართვის თარიღი გადაწყვეტილი არ არის. არსებობს თუ არა მოლაპარაკებებისთვის სივრცე? სივრცე არსებობს, თუ არ იქნება ულტიმატუმები.  თუ საუბარი იქნება რევოლუციაზე, ხელახალ არჩევნებზე, ასეთ შემთხვევაში მოლაპარაკებები აზრს კარგავს, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა განაცხადა.

„სახელმწიფო არ არსებობს, რომელიც ამბობდეს, რომ რევოლუციას დავაფინანსებო. ერთია, როცა პარტიების განვითარებას აფინანსებ და მეორეა, როცა პარტიები ამბობენ, რომ მათ რევოლუციის გარდა, არაფერი აინტერესებთ. ნიკა მელიასა და მიხეილ სააკაშვილის განცხადებები ამოიღეთ და აღმოაჩენთ, რომ ამაზე ლაპარაკობენ. თუ ისინი არჩევნებს არ ცნობენ, გაუგებარია, რას ითხოვენ? – რასაც ვისმენ, ეს არის არა შემდეგი არჩევნებისთვის პარტიების მომზადება, არამედ ამბოხი, ქუჩაში გასვლა, რევოლუცია და ა.შ. მგონია, რომ რევოლუციების დრო დასრულდა. ორმა მილიონმა ადამიანმა თავისი ნება გამოხატა. მათი ნება გადახედვას არ დაექვემდებარება. რამდენჯერ შეიძლება არჩევნები ჩატარდეს, სანამ რომელიმე პარტია არ იტყვის, ამ შედეგით კმაყოფილი ვარო? საწინააღმდეგო აზრის პარტია ყოველთვის გამოჩნდება.

კითხვაზე, რომ 2008 წელს სუბარმა დემოკრატიაზე დარტყმად შეაფასა დაფინანსებაზე კანონპროექტი, როცა სახალხო დამცველი იყო,  აცხადებს, რომ მისი პოზიცია არასდროს შეცვლილა.

„ჩემი პოზიცია არასოდეს არ შეცვლილა, ყოველთვის რევოლუციების წინააღმდეგი ვიყავი. თვალები იმისთვის გვაქვს, რომ ეს განცხადებები მოვისმინოთ და წავიკითხოთ. მაშინდელ ვერცერთ განცხადებას ვერ მონახავთ, ყოველ შემთხვევაში, რომ სახელმწიფო გადატრიალებაზე ესაუბრათ. მაშინ, ოპოზიცია იყო გულგატეხილი, ამბობდნენ, რომ არჩევნები გაყალბდა. თავი დავანებოთ იმას, გაყალბდა თუ არა. მაშინაც, ოპოზიციამ როგორც ახლა ნაკლები მანდატი მიიღო, ვიდრე ელოდნენ და ამის გამო მათი ნაწილი პარლამენტში არ შევიდა, მაგრამ მათ სიტყვა რევოლუცია და გადატრიალება არ უხსენებიათ, რასაც ახლა იყენებენ“, – განაცხადა სუბარმა.

რაც შეეხება „ლეიბორისტული პარტიის“ პოზიციას, რომ უნდა შეიქმნას “სახალხო პარლამენტი“, სოზარ სუბარი აცხადებს: „სახალხო პარლამენტი ჩვენ გავლილი გვაქვს. თუ არ ვცდები, კონგრესი, თუ სახალხო კონგრესი ერქვა 1989 წელს, რომელიც 1991 წელს გადატრიალებით დასრულდა. აღარ გვინდა, ეს გადატრიალებები“.