სოზარ სუბარი - როდესაც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არ არსებობდა კონტაქტი, ამ კონტაქტების ერთადერთი მყარი შესაძლებლობა იყო თბილისი, დღეს ფასილიტაციის როლი გააქტიურდა ღარიბაშვილის ჩართულობითა და ხელმძღვანელობით
სოზარ სუბარი - როდესაც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არ არსებობდა კონტაქტი, ამ კონტაქტების ერთადერთი მყარი შესაძლებლობა იყო თბილისი, დღეს ფასილიტაციის როლი გააქტიურდა ღარიბაშვილის ჩართულობითა და ხელმძღვანელობით

როდესაც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არ არსებობდა არანაირი კონტაქტი, ამ კონტაქტების ერთადერთი მყარი შესაძლებლობა იყო თბილისი, დღეს ფასილიტაციის როლი კიდევ უფრო აქტიური გახდა პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის უშუალო ჩართულობით და ხელმძღვანელობით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარმა განაცხადა.

სუბარის თქმით, საქართველო არის აბსოლუტურად ნეიტრალური და მშვიდობიანი შუამავალი, მათ შორის ისტორიული ურთიერთობებითაც ყველაზე სანდო და მოსახერხებელი პარტნიორი ორივე ქვეყნისთვის.

„ამ სამ ქვეყანას შორის საქართველო არის ერთადერთი, რომელსაც მშვიდობიანი ურთიერთობა აქვს ორივესთან. ეს იყო ათასწლეულების განმავლობაში. ვერ გავიხსენებთ ვერცერთ პერიოდს, ისტორიის განმავლობაში, როდესაც ომი ყოფილიყო საქართველოსა და სომხეთს და საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის. ქართულ სამთავროებს შორისაც იყო ომი, დანაწევრების პერიოდში, ასეთი ომები მუდმივად იყო ცალკეულ სათავადოებს თუ სახანოებს შორის, ამას არ ვგულისხმობ, ვლაპარაკობ სახელმწიფოებრივ ომზე. ეს იყო მუდმივად მშვიდობიანი კერა და ძალიან ხშირად, ერთად ვიბრძოდით საერთო მტრის წინააღმდეგაც. როცა საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი გათავისუფლდა რუსეთის იმპერიისგან, სწორედ თბილისი იყო სამივეს დედაქალაქი, ამიერკავკასიის ფედერაციის დედაქალაქი. აქ ჩამოყალიბდა სამივე დამოუკიდებელი სახელმწიფოს მთავრობა, როცა დამოუკიდებლობა გამოცხადდა და საბჭოთა პერიოდში, თბილისი იყო ერთგვარი შემკრები არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიის, არამედ, მთელი კავკასიის კულტურული და სამეცნიერო ცენტრიც იყო. ახლა ცხადია ეს ფუნქციები დაკარგულია, მაგრამ ახლა, 30 წლის განმავლობაში, როდესაც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არ არსებობდა არანაირი კონტაქტი, ამ კონტაქტების ერთადერთი მყარი შესაძლებლობა იყო თბილისი. მართალია, არსებობდა მინსკის ჯგუფი, სადაც საუბრობდნენ კონფლიქტის მოგვარების გზებზე, მაგრამ ადამიანებს შორის, ჟურნალისტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის კონტაქტის თვალსაზრისით და ხშირად პოლიტიკურ მოლაპარაკებებში თბილისი იყო, სადაც მსგავსი კონტაქტები ხორციელდებოდა.

დღეს ფასილიტაციის როლი კიდევ უფრო აქტიური გახდა პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის უშუალო ჩართულობით და ხელმძღვანელობით. მოსაგვარებელი ჯერ კიდევ ალიან ბევრია, იმიტომ, რომ ახლა იწყება ამ კონფლიქტის შემდგომი დალაგება, მოგვარება, უამრავი საკითხის გადაწყვეტა და საქართველოს შეუძლია, თავისი როლი ითამაშოს, რუსეთისგან განსხვავებით, რომელიც იქ სამხედრო ძალით არის შესული, ჩვენ ვართ აბსოლუტურად ნეიტრალური და მშვიდობიანი შუამავალი. ჩვენი ისტორიული ურთიერთობებითაც ყველაზე სანდო და მოსახერხებელი პარტნიორი ორივე ქვეყნისთვის“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.