სოზარ სუბარი - პირველი ნაბიჯი გადაიდგა სწორედ ირაკლი ღარიბაშვილის ჩართულობით, კავკასიური სტაბილურობის გასაღების როლი ტრადიციულად იდო საქართველოში
სოზარ სუბარი - პირველი ნაბიჯი გადაიდგა სწორედ ირაკლი ღარიბაშვილის ჩართულობით, კავკასიური სტაბილურობის გასაღების როლი ტრადიციულად იდო საქართველოში

ომის დამთავრება ერთია და ომის დამთავრების შემდეგ ძალიან დიდხანს გრძელდება პროცესი, რომელიც შერიგებას წინ უდგას და ამ საქმეში ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოს მართლაც შეუძლია, შეასრულოს უმნიშვნელოვანესი როლი, რომ სამხრეთ კავკასიაში შეიქმნას მშვიდობიანი და სტაბილური გარემო, – ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა განაცხადა.

მისი შეფასებით, ვერც საქართველო, ვერც აზერბაიჯანი და ვერც სომხეთი ვერ განვითარდება, თუ კავკასიაში მშვიდობა არ იქნება.

„ჩვენ ერთმანეთზე ვართ გადაჯაჭვული და საქართველოს მართლაც შეუძლია თავისი გადამწყვეტი სიტყვა თქვას. ეს გადამწყვეტი სიტყვა ითქვა და პირველი ნაბიჯი გადაიდგა სწორედ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ჩართულობით და ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესის დასაწყისია. ისეთი მცირე სივრცეა და ისეა პროცესები ერთმანეთთან გადაჯაჭვული, რომ შეუძლებელია, ვიყოთ ეკონომიკურად ძლიერი და სტაბილური, თუ სადმე ცხელი კონფლიქტი გვექნება. კარგია, რომ ეს პროცესი დაიძრა, დაიძრა საქართველოს უშუალო ჩართულობით, ფასილიტაციით და დარწმუნებული ვარ, ამას ექნება გაგრძელება, რომელიც საბოლოო სტაბილურობამდე და მშვიდობამდე მიგვიყვანს“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

დეპუტატის თქმით, ხშირად ისმის მოწოდებები ხელისუფლების მიმართ, რომ რატომ არ კეთდება კონკრეტული ნაბიჯები, თუმცა ეს არის პროცესი, სადაც ხშირად აუცილებელია, კონკრეტული შედეგების დადგომამდე ხმამაღალი განცხადებების კეთებისგან თავის შეკავება.

„ასეთ დროს კულუარებში გაცილებით უფრო დიდი საქმე კეთდება, ვიდრე ხმამაღალი განცხადებებით შეიძლება გაკეთდეს, მით უმეტეს, როდესაც ამ კონფლიქტს 30-წლიანი ისტორია აქვს და კარგად ვიცით, რა მძიმე ვითარება იყო ამ ათწლეულების განმავლობაში. უბრალოდ მხარეების დალაპარაკება კი არა, ელემენტარულად, ფეხბურთის გუნდების თამაში ვერ ხერხდებოდა, იმდენად დაძაბული იყო ვითარება. ნახევარ წელზე ცოტა მეტი გავიდა, რაც კონფლიქტის ცხელი ფაზა დამთავრდა, თუმცა ჯერ დაძაბულობა, ბუნებრივია ნარჩუნდება, დაწყებული ტყვეების დაბრუნებით, იგივე დანაღმულ მინდვრებზე იყო საუბარი. ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი დაიწყო და ამაში საქართველოს შეუძლია, ითამაშოს გადამწყვეტი როლი, კავკასიური სტაბილურობის გასაღების როლი ტრადიციულად იდო საქართველოში და დღესაც საქართველოს აქვს შესაძლებლობა, ეს ფუნქცია იკისროს“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის აქტიური ფასილიტაციითა და ფილიპ რიკერის ჩართულობით, აზერბაიჯანულმა მხარემ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა.

დატოვე კომენტარი