სოზარ სუბარი - პასუხი უნდა აგოს ყველამ, ვინც ჟურნალისტებზე, ნებისმიერ მოქალაქეზე იძალადა, აგრესიის გამომწვევ მიზეზებზე უფრო ღრმად უნდა დავფიქრდეთ
სოზარ სუბარი - პასუხი უნდა აგოს ყველამ, ვინც ჟურნალისტებზე, ნებისმიერ მოქალაქეზე იძალადა, აგრესიის გამომწვევ მიზეზებზე უფრო ღრმად უნდა დავფიქრდეთ

პოლიტიკური დაპირისპირების დონე, ზიზღის ენა, სიძულვილის ენა უნდა დავწიოთ დაბლა, ეს რომ შევარბილოთ, მგონია, საზოგადოებაში დაპირისპირება შემცირდება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

მისი თქმით, ზოგადად ქვეყნის იმიჯისთვის დამაზიანებელი იყო ის, რაც 5 და 6 ივლისს თბილისის ქუჩებში ხდებოდა.

„ზოგადად ძალიან დამაზიანებელი იყო ჩვენი ქვეყნის იმიჯისთვის, რაც ხდებოდა ქუჩებში იმ დღეების განმავლობაში. პირადად მე, მართლა გაოგნებული ვიყავი იმ აგრესიით, რასაც ვხედავდი. თუმცა, როდესაც ამ აგრესიას ვებრძვით და შსს-მ მართლა მაქსიმალური გააკეთა, არაერთი ადამიანი დაკავებულია და დარწმუნებული ვარ, ყველა ადამიანი, ვინც იძალადა, გამოვლინდება და პასუხს აგებს. პარალელურად, მადლობა უნდა ვუთხრათ პოლიციელებს, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს, რათა მოქალაქეების უსაფრთხოება და სიმშვიდე მთლიანობაში ყოფილიყო დაცული. ყოველ შემთხვევაში, ეს ნათლად გამოჩნდა მეორე დღეს, ანუ 6 ივლისს“, – განაცხადა სუბარმა.

მისივე თქმით, ჟურნალისტებზე ძალადობას ვერავინ წარმოიდგენდა.

„ჟურნალისტებზე ეს აგრესია იყო მართლა წარმოუდგენელი, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მსგავსი რამ მოხდებოდა. ალბათ, დადგა დრო, როდესაც ამ ამბებმა ჩაიარა, ორი მიმართულებით ვიმუშაოთ. ყველამ პასუხი უნდა აგოს, ვინც ჟურნალისტებზე, ნებისმიერ მოქალაქეზე იძალადა და მერე უფრო ღრმად ჩავუფიქრდეთ, რა არის ამ აგრესიის გამომწვევი მიზეზები, რადგან ჰაერიდან არაფერი არ ჩნდება. ზოგადად, ჩვენს საზოგადოებაში პოლიტიკური დაპირისპირების დონე, ზიზღის ენა, სიძულვილის ენა უნდა დავწიოთ დაბლა, რაც ძალიან ხშირად მოდის პოლიტიკოსებიდან, ბევრი ტელეეთერიდან. ეს რომ რაღაცნაირად შევარბილოთ, მგონია, დაპირისპირებას შეამცირებს საზოგადოებაში. პირველი, მოკლევადიანი ამოცანა არის, რომ ყველამ აგოს პასუხი. მეორე, გრძელვადიანი არის, რომ მთლიანობაში ვიფიქროთ საზოგადოებაში უფრო მეტი სიმშვიდის შემოტანაზე“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.