სოზარ სუბარი - ორ დღეში საქართველოს ეყოლება ძალიან ქმედუნარიანი მთავრობა და შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ პოლიტიკური კრიზისი ამოწურულია
სოზარ სუბარი - ორ დღეში საქართველოს ეყოლება ძალიან ქმედუნარიანი მთავრობა და შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ პოლიტიკური კრიზისი ამოწურულია

მთავრობის მეთაური როდესაც მიდის, ახალი მთავრობის დამტკიცება ხდება გარდაუვალი. ბუნებრივია, ეს არის პოლიტიკური კრიზისი, მაგრამ არის ხანმოკლე ფონი პოლიტიკური კრიზისისა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელის, ჯიმ რიშისა და სენატორ ჯინ შაჰინის ერთობლივი განცხადების კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, ზუსტად ორ დღეში საქართველოს ეყოლება ახალი, ძალიან ქმედუნარიანი მთავრობა და შესაბამისად, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ეს პოლიტიკური კრიზისი ამოწურულია.

„კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მოლაპარაკებების მაგიდა ჩვენ არ დაგვიტოვებია. ჩვენ ვიყავით ყოველთვის იქ, ველოდებოდით ოპოზიციას, ველოდებოდით, ოღონდ ულტიმატუმების გარეშე. არანაირი ახალი არჩევნები, არანაირი ვადამდელი არჩევნები არ იგეგმება. არჩევნები იქნება 2024 წლის ოქტომბერში. სხვა მხრივ მოლაპარაკებებისთვის მზად ვართ. თუმცა, როდესაც ოპოზიციამ პრემიერ გახარიას გადადგომისთანავე, დაიწყო მოწოდებები, რომ მოლაპარაკებები განახლდეს და პარალელურად დაიწყეს ძალადობრივი აქციები პარლამენტის წინ. ეს ნიშნავს, რომ უბრალოდ თვალთმაქცობდნენ და ფარისევლობდნენ. მათ არ უნდათ მოლაპარაკებები, ეს მკაფიოდ გამოჩნდა რამდენიმე ოპოზიციის პოლიტიკური ლიდერის განცხადებებში, რომლებმაც მოყვეს შიგნით რაც ხდებოდა. თუნდაც ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ, ვაშაძემ. თქვეს, რომ რამდენიმე პოლიტიკური პარტია, ბოკერიას პარტია, „ნაციონალური მოძრაობა“ არ აპირებდნენ პარლამენტში შესვლას, როგორც არ უნდა დამთავრებულიყო მოლაპარაკებები და რა წინადადებაზეც არ უნდა დათანხმებულიყო „ქართული ოცნება“. იმიტომ, რომ მათი მიზანი იყო ქვეყნის აყირავების, რევოლუციისა და გადატრიალების მცდელობა. დამშვიდდნენ, დაწყნარდნენ, ვერ მოხდება ვერანაირი გადატრიალება.

რაც შეეხება მოწოდებებს, მე კარგად მახსოვს ჩვენი მეგობრები 2012 წელსაც ასე მოგვიწოდებდნენ, რომ არც ერთი დამნაშავე ადამიანი, რომლებსაც ჰქონდათ დანაშაული ჩადენილი, არ მიგვეცა პასუხისგებაში. მაშინდელი დანაშაულები ეხებოდა ათეულობით მილიონი ლარის მოპარვას ბიუჯეტიდან, ეს ეხებოდა ადამიანების მკვლელობებს ქუჩაში, მიტინგების აბსოლუტურად უკანონო დარბევებს, დარბევის დროს ადამიანების მკვლელობებს და შემდეგ ამ ადამიანების შემოდებას მაღაზიის თავზე. ეს ეხებოდა პირდაპირ პრეზიდენტისგან მომავალ დაკვეთებს ადამიანების ცემისა და სიკვდილამდე მიყვანის. გაგახსენებთ ვალერი გელაშვილის საქმეს. ეს ეხებოდა გენერალური პროკურატურისგან მომდინარე შეკვეთებს, რომ ადამიანები უსასტიკესად ეცემათ, სიკვდილამდე მიეყვანათ, მოეტაცებინათ და უკანონოდ აღეკვეთათ მათთვის თავისუფლება. შეგახსენებთ კობა დავითაშვილის საქმეს, რომლის უშუალო შემკვეთი გახლდათ მაშინდელი აღარც მახსოვს უკვე იუსტიციის მინისტრი იყო თუ გენერალური პროკურორი, ზურაბ ადეიშვილი. ჩვენ, ბუნებრივია, ვერ გავითვალისწინებდით მსგავს მოწოდებებს. კანონი არის კანონი როგორც საქართველოში, ისე ინგლისში, აშშ-ში, ინდონეზიაში. როგორც არის დაუშვებელი შტურმი კაპიტოლიუმზე, ისეა დაუშვებელი შტურმი საქართველოს პარლამენტზე. ისე უნდა შეუწყდეს საქართველოს პარლამენტის წევრს უფლებამოსილება და იმუნიტეტი, როგორც შეუწყვიტეს ამერიკელ სენატორს“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელი ჯიმ რიში და სენატორი ჯინ შაჰინი ერთობლივ განცხადებაში პოლიტიკურ პარტიებს მოლაპარაკებებში ჩართვისკენ მოუწოდებენ. ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს კანონის უზენაესობას, დემოკრატიასა და პატიოსან, დამოუკიდებელ მართლმსაჯულებას.