სოზარ სუბარი - ოპოზიციურმა პარტიებმა ულტიმატუმებით საუბარი ვერ და არ მოიშალეს, ეს მკაფიოდ მეტყველებს მათ განზრახვაზე, ჩაშალონ მოლაპარაკება
სოზარ სუბარი - ოპოზიციურმა პარტიებმა ულტიმატუმებით საუბარი ვერ და არ მოიშალეს, ეს მკაფიოდ მეტყველებს მათ განზრახვაზე, ჩაშალონ მოლაპარაკება

ოპოზიციურმა პარტიებმა ულტიმატუმების ენით საუბარი ვერ და არ მოიშალეს. ეს მათ განზრახვაზე მკაფიოდ მეტყველებს, რომ მოლაპარაკება ჩაშალონ და ხელი არაფერს მოაწერონ, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა განაცხადა.

სუბარის თქმით, ოპოზიციის მიზანია, ქვეყანაში მუდმივი არეულობა იყოს.

„მათი მიზანია სიტუაცია არ დალაგდეს, რომ ვერც ეკონომიკაზე ვიფიქროთ, ვერც „კოვიდის“ დამარცხებაზე, ვეღარც ჩვენს სტრატეგიულ ამოცანებზე, როგორიცაა საქართველოს განუხრელი ინტეგრაცია ევროკავშირსა და ნატო-ში. ისინი თავის შანსს მხოლოდ ამ შემთხვევაში ხედავენ, რომ როგორმე, ეს ქვეყანა ხელში კიდევ ერთხელ ჩაიგდონ. დაველოდოთ, რას იტყვის ოპოზიცია და რა დოკუმენტი დაიდება. მაინც მგონია, რომ დღეს საღამოს თუ არა, ხვალ მაინც დადგება ის დღე, როცა ყველაფერს ფარდა აეხდება და ის გადამწყვეტი მომენტი მოახლოვდება, როცა ყველაფერი ხმამაღლა ითქმება. მაინც გამოვთქვამ იმედს, რომ კომპრომისებზე ოპოზიციაც წამოვა და იმ შეთანხმებას მივაღწევთ, რაც ქვეყანაში სტაბილურ პოლიტიკურ გარემოს შექმნის“, – განაცხადა სუბარმა.