სოზარ სუბარი - ოპოზიციურად განწყობილმა ხალხმა ოპოზიციაში დაინახა არა მრავალფეროვნება, არამედ ერთფეროვნება
სოზარ სუბარი - ოპოზიციურად განწყობილმა ხალხმა ოპოზიციაში დაინახა არა მრავალფეროვნება, არამედ ერთფეროვნება

რამდენჯერაც შეიკრიბებიან შალვას ფანჩატურში და რამდენჯერაც მოექცევიან იმ ერთი ადამიანის გავლენის ქვეშ, იგივე შედეგი იმდენჯერ გაუმეორდებათ და პირიქით, უფრო გაუუარესდებათ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, სოზარ სუბარმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

„მიხეილ სააკაშვილმა ყველა გაპარსა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით; მან ყველა ერთად დასვა და მერე მათი ხმები წაიღო. ოპოზიციურად განწყობილმა ხალხმა ოპოზიციაში დაინახა არა მრავალფეროვნება, არამედ ერთფეროვნება და თუ ერთი ფერიაო, ბარემ ხმა იმას მისცეს, რომელიც ამ ერთ ფერში უფრო ძლიერი და გამოკვეთილი იყო“, – განაცხადა სუბარმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორ შეაფასებს ოპოზიციის გადაწყვეტილებას, აშშ-ის სახელმწიფო მდივანს თავიანთი გზავნილი მდუმარე აქციით მიაწოდონ, სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ კრიტიკულ მომენტში ოპოზიცია მიხეილ სააკაშვილის ტყვეობის, მისი ნარატივის გავლენის ქვეშ ექცევა და ნათელია, რა ღირებულებებზე დგას ოპოზიციური ერთობა.

„ჩვენ ვხედავთ, რომ ერთად დადგა მთელი ოპოზიციური სპექტრი. ყველა ერთადაა – ისინი, ვისაც აქამდე რუსეთის აგენტებს, პრორუსულს უწოდებდნენ და ისინიც, ვინც თავის თავს პროდასავლურს უწოდებს. გავიხსენოთ მიხეილ სააკაშვილის გუშინდელი განცხადება, სადაც მან ევროსაბჭოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს რუსეთის აგენტი უწოდა, რამდენიმე წლის წინ კი თქვა, რომ ევროკავშირი და აშშ ჩვეულებრივი კოლონიზატორები არიან, რომელთა მიზანი კავკასიისა და უკრაინის დაპყრობაა და ამით ისინი არაფრით განსხვავდებიან რუსეთისგან. მკაფიოა, რა ღირებულებებზე დგას ოპოზიცია. იმას არ ვამბობ, რომ ყველანი ერთნაირები არიან, მაგრამ ყველა კრიტიკულ მომენტში ისინი აბსოლუტურად ექცევიან მიხეილ სააკაშვილის ტყვეობის, მისი ნარატივის გავლენის ქვეშ; მოქმედებენ ერთად და მერე უკვირთ, თუ რატომ მოხდა, რომ მთელი ოპოზიციური ხმები ერთმა ადამიანმა წაიღო, თვითონ კი მშრალზე დარჩნენ. როცა იმ ადამიანის გავლენის ქვეშ ექცევიან და ყველა იმის ნათქვამს იმეორებს, ბუნებრივია, ყოველ ჯერზე ასე მოხდება“, – განაცხადა სუბარმა. 

სოზარ სუბარმა ასევე განაცხადა, რომ რამდენიმე წუთის წინ „ტვიტერზე“ გავრცელდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადება, სადაც მან წერტილი დაუსვა ყველანაირ სპეკულაციას და მკაფიოდ თქვა თავისი მიზანი.

„ეს არის ის, რაშიც აშშ ამდენი წლის განმავლობაში გვეხმარება და გვერდით გვიდგას; ეს არის ჩვენი დასავლური, ევროატლანტიკური მისწრაფების, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაში მხარდაჭერა“, – განაცხადა სუბარმა.

მისი თქმით, გაყალბებების ეპოქა 2012 წელს დამთავრდა და „ქართულ ოცნებას“ ჰყავს თავისი ერთგული ამომრჩეველი, რომელიც პარტიას მხარს უჭერს, ყოველგვარი გაყალბების გარეშე.

სუბარის თქმით, „ევროპული საქართველოს“ წევრის, სერგი კაპანაძის მიერ ასევე „თავისუფალ ხედვაში“ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც სუბარმა აღნიშნა, სერგი კაპანაძემ ან არ იცის, ან შეგნებულად იცრუა, თითქოს ხელისუფლებამ ოპოზიციას 1 500 უბნის გადათვლა მეორე შეხვედრის დროს შესთავაზა, აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში, როცა ცესკო-ს შედეგები უკვე გამოცხადებული ჰქონდა.

„ეს ასე არ იყო. შეთავაზება პირველი შეხვედრის მერე მოხდა და ოპოზიციამ მაშინვე კატეგორიული უარი თქვა, როგორც გადათვლაზე, ისე ვიდეოკამერების ნახვაზე. უბრალოდ, მაშინ ეს არ გახმაურდა, რადგან პირობა იყო დადებული“, – განაცხადა სუბარმა.

როგორც სუბარმა აღნიშნა, ხელისუფლება ოპოზიციას ვერ აჩუქებს იმ ხმებს, რომელიც ამომრჩეველმა „ქართულ ოცნებას“ მისცა და ამიტომ, რჩება ერთადერთი გონივრული გადაწყვეტილება, ოპოზიცია პარლამენტში შევიდეს.