სოზარ სუბარი - ოპოზიციას მოვუწოდებ, მოერიდონ პოლიციელებზე თავდასხმებს, მით უმეტეს მათ ოჯახებზე, შვილებზე, ეს უბრალოდ, ველურობაა
სოზარ სუბარი - ოპოზიციას მოვუწოდებ, მოერიდონ პოლიციელებზე თავდასხმებს, მით უმეტეს მათ ოჯახებზე, შვილებზე, ეს უბრალოდ, ველურობაა

ოპოზიციას მოვუწოდებ, მოერიდონ პოლიციელებზე თავდასხმებს, მით უმეტეს მათ ოჯახებზე, შვილებზე, ეს უბრალოდ, ველურობაა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, სოზარ სუბარმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის დღეს დაგეგმილი მოსმენის კომენტირებისას განაცხადა.

სოზარ სუბარმა ისაუბრა იმ საკითხებზე, რომლითაც შს მინისტრის მოსმენისას დაინტერესდება.

„პარლამენტმა აქტიურად დაიწყო თავისი ერთ-ერთი მთავარი ფუნქციის, აღმასრულებელ ხელისუფლებაზე ზედამხედველობის განხორციელება. უკვე მეორე მოსმენაა მინისტრის საათის ფარგლებში. კარგად იცით, ეს არის ახალი ფორმატი, რაც გულისხმობს სესიის წინაშე მინისტრის მოხსენებას და შემდეგ კითხვების დასმას. კითხვები შსს-სთან ყოველთვის ბევრია. მათ შორის, ძალიან საინტერესოა – მთელ მსოფლიოში მოიმატა პანდემიის პირობებში ისეთმა დანაშაულებმა, როგორიცაა ოჯახური ძალადობა. რა ხდება ამ მხრივ საქართველოში, რა ვითარება გვაქვს. იგივე ტენდენცია არის თუ განსხვავებულია. ასევე, ზოგადად, რა იგეგმება რეფორმების თვალსაზრისით სამინისტროში.

კიდევ ერთხელ მინდა, ჩვენს საზოგადოებას და ოპოზიციას მოვუწოდო – როდესაც ისინი თავისი კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს ახორციელებენ და აქციებს ატარებენ, მოერიდონ პოლიციელებზე თავდასხმებს, მოერიდონ პოლიციელების შეურაცხყოფას, მით უმეტეს მათ ოჯახებზე, მათ შვილებზე, მათ მშობლებზე თავდასხმებს და შეურაცხყოფებს, ეს არ არის ცივილიზებული სამყაროს ნიშანი, ეს უბრალოდ, ველურობაა, ნუ ჩადგებიან მაინცდამაინც ამ კალაპოტში“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.