სოზარ სუბარი - მიუხედავად იმისა, რას ამბობენ ჩვენი ოპონენტები, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დიდი მიღწევა სასამართლო რეფორმაა
სოზარ სუბარი - მიუხედავად იმისა, რას ამბობენ ჩვენი ოპონენტები, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დიდი მიღწევა სასამართლო რეფორმაა

მიუხედავად იმისა, რას ამბობენ ჩვენი ოპონენტები, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დიდი მიღწევა სასამართლო რეფორმაა, – ამის შესახებ თვითმმართველობის და რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა განაცხადა.

მისივე თქმით, შესაძლოა სასამართლოში გავლენიანი ჯგუფი არსებობს, თუმცა მთავარია, სისტემა დამოუკიდებელია პოლიტიკური გავლენისგან.

როგორც სუბარმა აღნიშნა, მოსამართლეებს ერთმანეთზე რაიმე გავლენა თუ აქვთ, დაგეგმილი რეფორმა ამას გამოასწორებს.

„მიუხედავად იმისა, რას ამბობენ ჩვენი ოპონენტები, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დიდი მიღწევა სასამართლო რეფორმაა. ფაქტები შემდეგზე მეტყველებს – თითქმის ექვსჯერ თუ ცოტა მეტჯერ შემცირდა სტრასბურგის სასამართლოში გაგზავნილი სარჩელების რაოდენობა. მანამდე წელიწადში 600-800 საჩივარი თუ მიდიოდა, ახლა არის 80-დან 120-მდე. ეს მეტყველებს ყველაფერზე. ასევე, ძალიან სერიოზულად მოიმატა გამამართლებელი განაჩენების რაოდენობამ მაშინ, როცა 2008 წელს სასამართლოებში განხილული 18 000 სისხლის სამართლის საქმიდან, ერთადერთი გამამართლებელი განაჩენი დადგა. ფრანგულმა „იფსოსმა“ გამოკითხვით გამოავლინა, რომ საქართველოში სასამართლოს მიმართ ნდობა უფრო მაღალია, ვიდრე ევროპული ქვეყნების უმრავლესობაში.

ამის მიუხედავად, არსად მსოფლიოში და არც საქართველოში უხარვეზო სასამართლო არ არსებობს. არ არსებობს ქვეყანა, სადაც ადამიანებს ყველა მოსამართლე მოსწონთ.  არაერთი მოსამართლე შემიძლია ჩამოვთვალო, ვინც არ მომწონს, მაგრამ ისეთი სისტემაა შექმნილი, რომ არ არის დამოკიდებული იმაზე, თუ ვინ მოსწონს სოზარს.

სწორედ სასამართლო სისტემის ყველაზე დიდი კრიტიკოსები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები პირველები ითხოვდნენ, რომ არც ერთი მოსამართლისთვის ხელი არ გვეხლო და ყველა უფლება იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის მიგვეცა. როცა ეს გავაკეთეთ, ზუსტად ეს არასამთავრობო ორგანიზაციები ჩვენი კრიტიკოსები გახდნენ.

დაგეგმილი რეფორმით, გათვალისწინებულია არასამთავრობო ორგანიზაციების და ვენეციის კომისიის ხედვები. სასამართლოში შეიძლება გავლენიანი ჯგუფი არსებობს, მაგრამ მთავარი არის ის, რომ სასამართლო დამოუკიდებელია პოლიტიკური გავლენებისგან. შიგნით მოსამართლეებს ერთმანეთზე აქვთ თუ არა გავლენები, ამაზე მე პასუხი არ მაქვს, მაგრამ იმედი მაქვს, თუ მსგავსი რამე არსებობს, რეფორმა ყველაფერს დაალაგებს“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.