სოზარ სუბარი - მეგობარი ქვეყნების ელჩები ხშირად იმპერატიული ტონით გვკარნახობენ, როგორ მოვიქცეთ
სოზარ სუბარი - მეგობარი ქვეყნების ელჩები ხშირად იმპერატიული ტონით გვკარნახობენ, როგორ მოვიქცეთ

ეს არის უკვე მეორე დემარში ბოლო სამი თვის განმავლობაში, – ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ხალხის ძალის“ წევრმა, სოზარ სუბარმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკის მინისტრთან, ლევან დავითაშვილთან შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ელჩებმა პირველად მიმდინარე წლის 27 თებერვალს გამოთქვეს შეშფოთება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

„ზუსტად თვე-ნახევარში ევროპულმა სასამართლომ თქვა, რომ ეს იყო ფალსიფიკაცია და არანაირი საფუძველი შეშფოთებას არ ჰქონდა, თუმცა ამის შემდეგ ელჩებისგან არც ბოდიში მოგვისმენია ქართული საზოგადოების წინაშე და არც სინანული იმის გამო, რომ ისინი იქცნენ დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილად. გუშინ ელჩებმა გამოთქვეს წუხილი, რომ აღდგა პირდაპირი ფრენები რუსეთსა და საქართველოს შორის და, პრაქტიკულად, რუსეთისთვის სანქციების დაწესებისკენ მოგვიწოდეს. ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის თქმით, მნიშვნელოვანია, არა, ვთქვათ, საქართველო რა გეოპოლიტიკურ ვითარებაში იმყოფება ან ის ფაქტი, რომ ეს ფრენები არ იქნება გამოყენებული სანქციების გვერდის ასავლელად, არამედ აბსტრაქტული და პირადად ჩემთვის გაუგებარი პოლიტიკური არსი. ცუდი ის არის, რომ მეგობარი ქვეყნების ელჩები ხშირად იმპერატიული ტონით გვკარნახობენ, როგორ მოვიქცეთ და სხვადასხვა კრიტერიუმი აქვთ თავიანთი ქვეყნებისთვის და საქართველოსთვის“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

გუშინ ევროკავშირის ქვეყნების ელჩები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ლევან დავითაშვილს შეხვდნენ. შეხვედრის შემდეგ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა: „საქართველოს ვიცე-პრემიერს გადავეცი ევროკავშირის 27-ვე წევრი ქვეყნისგან, რომ ვწუხვართ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების გამო, მიიღოს პირდაპირი ფრენები რუსეთიდან“.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.