სოზარ სუბარი - მართლა ხომ არ ფიქრობთ, სამადაშვილს და ხერხეულიძეს აქვთ ისეთი გავლენა, რომ ევროპარლამენტის 308 დეპუტატს მოაწერინეს რეზოლუციაზე ხელი? პირიქით, მათ შეკვეთებს ასრულებენ ხშირად
სოზარ სუბარი - მართლა ხომ არ ფიქრობთ, სამადაშვილს და ხერხეულიძეს აქვთ ისეთი გავლენა, რომ ევროპარლამენტის 308 დეპუტატს მოაწერინეს რეზოლუციაზე ხელი? პირიქით, მათ შეკვეთებს ასრულებენ ხშირად

მართლა ხომ არ ფიქრობთ, რომ სალომე სამადაშვილსა და ეკა ხერხეულიძეს ისეთი გავლენა აქვთ ან ამდენი ლობისტი ჰყავთ, რომ ევროპარლამეტის 308 დეპუტატს მოაწერინეს ხელი? პირიქით არის, ძალიან ხშირად მათ შეკვეთებს ასრულებენ  და ახმოვანებენ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ყოფილმა წევრა სოზარ სუბარმა განაცხადა.

სუბარის თქმით, როცა ევროპარლამენტის 308 დეპუტატი ხელს აწერს რეზოლუციას, რომელსაც რეალობასთან არაფერი აქვს საერთო და ქვეყნისთვის შეურაცხმყოფელია, გასაგებია ეს რატომაც ხდება.

სოზარ სუბარის განმარტებით, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი არ მიანიჭეს, რათა ქვეყანაში დაძაბული ვითარება შექმნილიყო.

„არსებობს ვარაუდი და არსებობს მტკიცებულებებიც, რომლებიც ამ ვარაუდს ამყარებს. ამ მტკიცებულებებს, ბუნებრივია, ვერ მოვყვები, მაგრამ ერთ-ერთ შეკრებაზე, რომელსაც უმრავლესობის ბევრი დეპუტატი ესწრებოდა, ჩემთვის ყოფილი, მაგრამ ძალიან ძვირფასი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გამოთქვა თავისი ვარაუდი, რომ ის, რომ უკრაინას და მოლდოვას შესთავაზეს (კანდიდატის სტატუსი) და საქართველოს – არა, ხდება ერთადერთი მიზნით, რომ საქართველო გამოყონ, გამოიწვიონ ქვეყანაში ტურბულენტობა, არეულობა, რადგან არის ძალიან ბევრი ძალა, რომელსაც საქართველოს ომში ჩართვა უნდა და საქართველოში ურჩევნია ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ყოველგვარი ყოყმანის გარეშე გაატარებს იმ პოლიტიკას, რომელსაც გარედან უკარნახებენ“, – განაცხადა სუბარმა გადაცემაში „იმედი LIVE“ და დასძინა, რომ აღნიშნულ ძალებს შორის ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებიც არიან.