სოზარ სუბარი მამუკა ხაზარაძის ინიციატივას მთავრობობანასა და პოლიტიკოსობანას თამაშს უწოდებს
სოზარ სუბარი მამუკა ხაზარაძის ინიციატივას მთავრობობანასა და პოლიტიკოსობანას თამაშს უწოდებს

თამაშობენ მთავრობობანას, პოლიტიკოსობანას და შეუძლიათ, გააგრძელონ ეს თამაში. შექმნან იმდენი მთავრობა, რამდენიც უნდათ, იყონ ჩრდილსა და სარდაფებში, ჩვენ გავაგრძელებთ ქვეყნის მართვას, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის გუშინდელ განცხადებას.

სოზარ სუბარის თქმით, თუ უნდათ, რომ ქვეყნის მართვაში მონაწილეობა მიიღონ, ამისთვის არსებობს პარლამენტი.

„პარლამენტში წარმომადგენლობა ჰყავთ და მიიღონ უფრო მეტი მონაწილეობა პროცესებში. ეს უკეთესი იქნება მათი პოლიტიკური მომავლისთვის. ზოგადად, ინკლუზიურობა და ჩართულობა კარგია ქვეყნისთვის და დემოკრატიისთვის. თუ სერიოზული პოლიტიკა უნდათ, ამისთვის არსებობს პარლამენტი და უფრო მეტი კონსტრუქციულობა გამოიჩინონ პარლამენტში. დებოშს კი ნუ აწყობენ პარლამენტის სხდომათა დარბაზში, არამედ იმუშაონ კანონპროექტებზე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტებასა და სასამართლო რეფორმაზე. თამაში თუ უნდათ, შეუძლიათ, გააგრძელონ, გინდა პარლამენტში, გინდა პარლამენტს გარეთ. ეს ყველაფერი, რასაც ლაპარაკობენ, არის თამაში და არასერიოზულობა. ვერც „ნაციონალური მოძრაობა“, ვერც რომელიმე ოპოზიციური პარტიის წევრი ვერ იქნება ვერც ძალოვანი მინისტრი, ვერც მისი მოადგილე და ვერც რომელიმე სხვა მინისტრი. სერიოზულობას მოითხოვს.

მე არ მაინტერესებს, სად გაერთიანდებიან და სად არა. თუმცა რასაც ვხედავ, მათ გაერთიანების შანსი რომ არ აქვთ, ამაში ეჭვი არავის ეპარება. არ მგონია, საზოგადოებას აინტერესებდეს, საზოგადოებას რაც აინტერესებს, ვხედავთ. როცა ამბობენ, დღეს მთელი საქართველო, ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს და ხელისუფლება უნდა დავამხოთო, რუსთაველზე 300 კაცი გამოდის. ისინი ძირითადად მათი პარტიის ბიუროს წევრები და თანამშრომლები არია, სხვა არავინ“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ოპოზიციურმა ძალებმა უნდა გადადგან ქმედითი ნაბიჯები კოალიციის შესაქმნელად და საჭიროა, დაიწყოს კონსულტაციები ჩრდილოვანი კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე, ასევე პრემიერობის კანდიდატზე. თუმცა, მისივე თქმით, დღესვე უნდა შეთანხმდნენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ძალოვანი მინისტრები არ იქნებიან წარდგენილი მომავალ მთავრობაში.

დატოვე კომენტარი