სოზარ სუბარი - ისეთ ფონს ვქმნით, რომ ეჭვქვეშ ვაყენებთ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას და მოქალაქეების უსაფრთხოებას
სოზარ სუბარი - ისეთ ფონს ვქმნით, რომ ეჭვქვეშ ვაყენებთ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას და მოქალაქეების უსაფრთხოებას

ტერორიზმის, მისი მხარდამჭერების წინააღმდეგ ბრძოლა, ნებისმიერი სახელმწიფოსთვის არის უმთავრესი მოვალეობა და ბუნებრივია, ჩვენც ამ ბრძოლაში ვართ, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ამ ბრძოლაში ჩაბმული სპეცსამსახურების ღვაწლი არის ძალიან დიდი და ისინი აკეთებენ ყველაფერს, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება იყოს დაცული, მათ შორის იმ ადამიანების უსაფრთხოებაც, რომლებსაც დღეს ძალიან სტკივათ გული მათი ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო.

„ტერორიზმის წინააღმედეგ ბრძოლა არის დღეს მთავარი და ყველაზე დიდი გამოწვევა თანამედროვე მსოფლიოსი. საქართველოც არის ამ ბრძოლაში ჩაბმული, ტერორიზმის, მისი მხარდამჭერების წინააღმდეგ ბრძოლა ნებისმიერი სახელმწიფოსთვის არის უმთავრესი მოვალეობა და ბუნებრივია, ჩვენც ამ ბრძოლაში ვართ. შესაბამისად,  ამ ბრძოლაში ჩაბმული სპეცსამსახურების ღვაწლი არის ძალიან დიდი და ისინი აკეთებენ ყველაფერს, რომ თქვენი, ჩვენი და საქართველოს თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება იყოს დაცული, მათ შორის იმ ადამიანების უსაფრთხოებაც, რომლებსაც დღეს ძალიან სტკივათ გული მათი ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო. ბუნებრივია, ნებისმიერი ახალგაზრდის დაკარგვა არის ძალიან დიდი ტკივილი არა მხოლოდ ოჯახისთვის, არამედ ქვეყნისთვისაც, მაგრამ ეს ტკივილი იწყება მაშინ, იწყება იმ წუთში, როდესაც ადამიანებს შეიძლება გარკვეული კავშირი გაუჩნდეთ ტერორიზმთან“, – განაცხადა სოზარ სუბარმა. 

მინისტრის თქმით, იმიტომაც არის ტერორიზმთან ბრძოლა აუცილებელი, რომ ასეთი ახალგაზრდების ჩათრევა არ მოხდეს მსგავს საქმიანობაში.

„რაც შეეხება ტერორიზთან ბრძოლაში დანაკარგს, მათ შორის ჩვენი სპეცრაზმელი დაიღუპა, რამდენიმე დაიჭრა, მაჩალიკაშვილის დაღუპვის ამბავი, აქ ჰქონდა თუ არა ძალის გადამეტებას ადგილი, ეს ცხადია, შეიძლება გახდეს საგამოძიებო შესწავლის საგანი. სპეცოპერაცია იყო აუცილებელი და ჩატარდა მაღალ დო,ნეზე, მოხდა თუ არა გადამეტება, ამაზე ჩემი აზრი მაქვს, მაგრამ ამ წუთში არ გავაკეთებ კომენტარს. სანამ გამოძიება არ იქნება, მანამდე ჩემგან რამე კომენტარის გაკეთება არ იქნება მართალი. ზოგადად მგონია, რომ რაღაც ისეთ ფონს ვქმნით ახლა, რომ ეჭვქვეშ ვაყენებთ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას.  არ მგონია, ეს სწორი აქცენტები იყოს“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.