სოზარ სუბარი - გონიერება გვმართებს, „ხუდონჰესის“ წინააღმდეგ ბრძოლის აქტივისტი ვიყავი და რომ არ აშენდა, ეკონომიკისთვის ეს უდიდესი დარტყმაა
სოზარ სუბარი - გონიერება გვმართებს, „ხუდონჰესის“ წინააღმდეგ ბრძოლის აქტივისტი ვიყავი და რომ არ აშენდა, ეკონომიკისთვის ეს უდიდესი დარტყმაა

გონიერება გვმართებს, „ხუდონჰესის“ წინააღმდეგ ბრძოლის აქტივისტი ვიყავი და რომ არ აშენდა, ეკონომიკისთვის ეს უდიდესი დარტყმაა, – განაცხადა პარლამენტის რეგიონული განვითარებისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა.

სოზარ სუბარის თქმით, მხოლოდ ცხელი და ალალი გული არ კმარა.

„გონიერება გვმართებს ყოველთვის. ძალიან ბევრი გადაწყვეტილება მიმიღია ცხელ გულზე, მათ შორის, ვიყავი ერთ-ერთი აქტივისტი და დამწყები „ხუდონჰესის“ წინააღმდეგ ბრძოლის და ეს იყო საქართველოს ეკონომიკისთვის უდიდესი დარტყმა. ხაიში, რომელიც გადავარჩინეთ დატბორვას, ჩემი მშობლიური სოფელია. ჭუბერთან ყველაზე ახლო სოფელია და ჩემი ოჯახის წევრები არიან, მაგრამ საქართველომ უზარმაზარი დარტყმა განიცადა იმით, რომ ხუდონის ჰესი არ აშენდა.

მაშინ რომ გაგვეაზრებინა ყველას, რას ვუკეთებდით საქართველოს ეკონომიკას, თვითონ ხაიშელებიც თანახმა იქნებოდნენ. იტყოდნენ, ოღონდაც საქართველოს ასეთი დარტყმა არ მივაყენოთ და თანახმა ვართ, სხვაგან გადავსახლდეთო. გონივრულად უნდა მივუდგეთ საკითხს და მხოლოდ ცხელი და ალალი გული არ კმარა თუ გონიერებაც არ დავუმატეთ“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

სოზარ სუბარმა „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებულ პროცესებში არ გამორიცხა უცხო ქვეყნის ინტერესები.

„ცხელი გულს მიღმა შეიძლება, დავინახოთ ძალიან ბევრი პოლიტიკური ქვენა გრძნობა, რომელიც უერთდებიან ამ ნაბიჯებს და ხშირად ამ ქვენა გრძნობის უკან სხვა ქვეყნის ინტერესები დგას. ამიტომაც კარგად უნდა ავწონ- დავწონოთ ყველაფერი, ვიდრე ასეთ რადიკალურ ქმედებებზე გადავალთ. ჩვენ გვჭირდება ქვეყნის განვითარება და განვითარება შეუძლებელი იქნება, თუ არ იქნება ენერგეტიკა, რომელიც არის ეკონომიკის საფუძველთა საფუძველი“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.