სოზარ სუბარი - გახარიას პარტიას ალბათ ძალიან დიდი ხანი დასჭირდება, ვიდრე პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბდება, ჯერ მსგავსი ნიშანწყალი არ ეტყობა
სოზარ სუბარი - გახარიას პარტიას ალბათ ძალიან დიდი ხანი დასჭირდება, ვიდრე პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბდება, ჯერ მსგავსი ნიშანწყალი არ ეტყობა

გახარიას პარტიას ალბათ ძალიან დიდი ხანი დასჭირდება, ვიდრე პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბდება, ჯერჯერობით მსგავსი ნიშანწყალი არ ეტყობა. ჯერ ეს არის „სტაფერების“ პარტია, ისინი პოლიტიკოსები არიან, ჯერ ვერ ჩამოყალიბდნენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

მისი თქმით, რომ არა ნიკა მელიას საქმე, „შეიძლება, გიორგი გახარია, დიდხანს დარჩენილიყო უმაღლეს თანამდებობაზე და მეტი ზიანი მიეყენებინა გუნდისთვის“.

„როცა პარტიად ჩამოყალიბდებიან, მერე ილაპარაკონ სხვა პარტიებზე და მათ შანსებზე, განსაკუთრებით, როცა ასეთ განცხადებებს აკეთებს თავის ყოფილ პარტიაზე ძალიან სამარცხვინოა. „ქართულ ოცნებაში“ არის ძალიან ბევრი ადამიანი, რომელთაც თავისი ისტორია აქვთ, თავისი ცხოვრება აქვთ განვლილი. ჩვენი მხრებით მოვიტანეთ გამარჯვება 2012 წელს და ძალიან მეეჭვება საქართველოში არსებობდეს ადამიანი ოჯახის წევრების გარდა, რომელმაც მაშინ იცოდა, ვინ იყო გიორგი გახარია. გიორგი გახარია გახდა ჩვენი გუნდის წევრი, ჩვენ მას პატივს ვცემდით, გვერდით ვედექით სხვადასხვა თანამდებობაზე ბრძოლის დროს და მიმაჩნია, რომ ის აკეთებდა ძალიან სასარგებლო საქმეს ძალიან ხშირ შემთხვევაში, თუმცა მართლა წარმოუდგენელი იყო, თუნდაც დღეს რაც ილაპარაკა. მკაფიოდ ჩანს ერთი რამ, რომ არ ყოფილიყო მელიას ეს უტიფარი განცხადებები, არ გადავიხდი და ვერ დამიჭერთ, კანონზე მაღლა ვდგავარ, შეიძლებოდა, ეს ადამიანი, რომელიც თურმე იყო გუნდის წინააღმდეგ, სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლისკენ მიმართული, შეიძლებოდა, ძალიან დიდხანს დარჩენილიყო უმაღლეს თანამდებობაზე, რომლის ხელშიც იყო მთელი ძალაუფლება თავმოყრილი და გაცილებით მეტი ზიანი მიეყენებინა არა მხოლოდ გუნდისთვის, არამედ იგივე სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის, რაც სახელმწიფოსთვის ზიანის მიყენებასაც ნიშნავს“, – განაცხადა სუბარმა.

ამასთან, სუბარის თქმით, 20 ივნისის მოვლენების დროს, პარლამენტში თავად ნამდვილად იმყოფებოდა.

„გახარია ამ კონკრეტულ შემთხვევაში იტყუება და ამის მოწმე მე ვარ იმიტომ, რომ პარლამენტში ვიყავი ამ დროს. არ ჩამოვთვლი ახლა ვინ იყვნენ კიდევ იქ, ან ვინ რას ამბობდა და ვინ რას აკეთებდა“, – განაცხადა სუბარმა.