სოზარ სუბარი - ევროკავშირის ოფისთან ნიკა მელიას საქციელი იყო იმ პროვოკაციების კულმინაცია, რომლებსაც ბოლო დღეებში აკეთებენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები
სოზარ სუბარი - ევროკავშირის ოფისთან ნიკა მელიას საქციელი იყო იმ პროვოკაციების კულმინაცია, რომლებსაც ბოლო დღეებში აკეთებენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები

„ნაციონალური მოძრაობის“ მიზანი არის არა არჩევნები, არამედ ვითარების დაძაბვა, რომ არჩევნების მეორე დღეს მიაღწიონ იმ შედეგს, რაც მათ უნდათ, ეს არის არეულობა ქვეყანაში, მაგრამ ცხადია, არ გამოუვათ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა ევროკავშირის ოფისთან მომხდარი დაპირისპირების შესახებ განაცხადა.

„რაც დღეს ნიკა მელიამ გააკეთა ევროკავშირის ოფისთან, იყო კულმინაცია იმ პროვოკაციებისა, რომლებსაც ბოლო დღეების განმავლობაში აკეთებენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, მათი სხვადასხვა დონის ლიდერები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. ორი თვის განმავლობაში ყველანი ვხედავდით, რომ
ძალიან მშვიდ ვითარებაში მიდიოდა საარჩევნო კამპანია, თუ ამას კამპანია დაერქმევა, როდესაც ოპოზიციური პარტიები პრაქტიკულად კამპანიასაც კი ვერ აწარმოებდნენ. ამან, როგორც ჩანს, ისინი შეაშფოთა და ბოლო დღეების განმავლობაში წავიდნენ პროვოკაციებზე სხვადასხვა რეგიონში. დღეს უკვე უშუალოდ მათი პარტიის თავმჯდომარემ იკადრა ის, რომ პროვოკაცია ევროკავშირის საელჩოსთან მოაწყო და სცადა, ირაკლი კობახიძე გამოეწვია, მაგრამ მას არ გამოუვიდა. აქედან კარგად ჩანს, რა არის მათი მიზანი. მიზანი არის არა არჩევნები, არამედ ვითარების დაძაბვა, რომ არჩევნების მეორე დღეს მიაღწიონ იმ შედეგს, რაც მათ უნდათ, ეს არის არეულობა ქვეყანაში, მაგრამ ცხადია, მათ ეს არ გამოუვათ“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

დღეს ევროკავშირის ოფისთან, როდესაც პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კომენტარს აკეთებდა, მასთან „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია მიიჭრა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

დატოვე კომენტარი