სოზარ სუბარი - ეროვნული თვითმყოფადობა, სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა, არცერთი ამ სიტყვათაგანი დღეს არ მოგვისმენია სალომე ზურაბიშვილისგან, არ სტკივა და იმიტომ
სოზარ სუბარი - ეროვნული თვითმყოფადობა, სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა, არცერთი ამ სიტყვათაგანი დღეს არ მოგვისმენია სალომე ზურაბიშვილისგან, არ სტკივა და იმიტომ

ეროვნული თვითმყოფადობა, სახელმწიფო სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა, არცერთი ამ სიტყვათაგანი დღეს არ მოგვისმენია სალომე ზურაბიშვილისგან, არ სტკივა და იმიტომ, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, სოზარ სუბარმა პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლასთან დაკავშირებით განაცხადა.

სუბარის თქმით, როდესაც სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის ტრიბუნიდან არ საუბრობს ქვეყნისთვის ყველაზე მტკივნეულ საკითხებზე და საუბრობს იმაზე, რაც მის დამკვეთებს, მის პატრონებს სჭირდებათ, ეს არის ქვეყნის ინტერესების არმსახურება და ქვეყნის ინტერესების ღალატი.

„„ჩვენი მიზანია, ჩვენი ქვეყანა საბოლოო გამარჯვებამდე მივიყვანოთ, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, ბოლომდე დავიცვათ ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობა, სრულად აღვადგინოთ საქართველოს სუვერენიტეტი და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, საქართველო 2030 წლამდე მაღალშემოსავლიანი ქვეყნების რიგში ჩავაყენოთ და ევროკავშირში გავაწევრიანოთ“ – ეს სიტყვები დაახლოებით ერთი თვის წინ ითქვა „ქართული ოცნების“ ყრილობაზე და ეს სიტყვები ეკუთვნის ბიძინა ივანიშვილს, რომელიც დაბრუნდა პოლიტიკაში. არცერთი ამ სიტყვათაგანი, არც ეროვნული თვითმყოფადობა, არც სახელმწიფო სუვერენიტეტი, არც ტერიტორიული მთლიანობა დღეს არ მოგვისმენია სალომე ზურაბიშვილისგან, არ სტკივა და იმიტომ. იმიტომ, რომ ეს არ არის მისი ქვეყანა, ეს არ არის მისი სამშობლო. უბრალოდ, შეუძლებელია, ადამიანს ჰქონდეს ორი სამშობლო და როდესაც ადამიანი ასეთი არჩევანის წინაშე დგება, ის, სამწუხაროდ, ირჩევს ერთ-ერთს და მან ეს არჩევანი გააკეთა. გააკეთა ეს არჩევანი მაშინ, როდესაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდა რადიკალურ ოპოზიციას, გააკეთა ეს არჩევანი მაშინ, როდესაც მისი ორივე შვილი სრულიად მოულოდნელად დააწინაურეს და მაღალ თანამდებობებზე გადაიყვანეს იქ, სადაც არავინ ელოდა და არავითარი დამსახურება არ მიუძღოდათ. დღეს, როდესაც ის ლაპარაკობს ელიტურ კორუფციაზე, კორუფცია ამას ჰქვია და სხვას არაფერს. როდესაც ის ამ ტრიბუნიდან არ აჟღერებს იმ  საკითხებს, რომლებიც ყველაზე მტკივნეულია ქვეყნისთვის და ლაპარაკობს იმაზე, რაც მის დამკვეთებს, მის პატრონებს სჭირდებათ, ეს არის ქვეყნის ინტერესების არმსახურება და, პირდაპირ ვიტყვი, ქვეყნის ინტერესების ღალატი. როდესაც ის არ ლაპარაკობს იმ საფრთხეზე, რომელიც საქართველოს აქვს ომში ჩართვასთან დაკავშირებით. კარგად გვახსოვს მისი განცხადებები, როდესაც საქართველოდან სპეციალური თვითმფრინავით ჯარისკაცების, მოხალისეების გაგზავნაზე იყო ლაპარაკი – და  მოხალისეების გაგზავნა პირდაპირ ნიშნავდა საქართველოს ომში ჩართვას – ერთი წუთით არ უთქვამს, რომ ეს არ უნდა გაეკეთებინა საქართველოს სახელმწიფოს. პირიქით, მათ წისქვილზე ასხამდა წყალს, ვინც ამბობდა, რომ საქართველომ უნდა გააგზავნოს ჯარისკაცები“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

სუბარის განმარტებით, სალომე ზურაბიშვილის მოწოდებები სანქციებთან დაკავშირებით იყო აბსოლუტურად ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო.

„რატომ? რადგან მას არ სტკივა ეს ქვეყანა. როგორც მან ერთხელ თქვა, უფრო მაღლა დგას, ვიდრე ქართველი ხალხი, რომელსაც ის ვითომ წარმოადგენს, მაგრამ სინამდვილეში ვის წარმოადგენს, ძალიან კარგად ვიცით. კარგად ვიცით, როგორ გაიმარჯვა მან და კარგად ვიცით მისი პოლიტიკური წონა, რომელიც კარგად გამოჩნდა, როცა დამოუკიდებლად იყრიდა კენჭს. ეს იყო მაშინ, როცა მისი პოპულარობა პიკში იყო – „ქაჯები მიდიან, მოდიან“, რაღაც ფრაზები რომ ისროლა და უცებ რომ ეგონა, მთელი საქართველო მის მხარეს იდგა, მაშინ ის 2 პროცენტს ვერ გასცდა. მთელ საქართველოში ვერცერთ საკრებულოში ერთი წევრი ვერ გაიყვანა. ეს არის მისი პოლიტიკური წონა. მიუხედავად ამისა, ჩვენ დავუშვით შეცდომა. დიახ, დავუშვით შეცდომა, რადგან ქართველ ხალხს ვუთხარით, ეს ადამიანი იქნება გამაერთიანებელი ქვეყნის, ჩვენი დღევანდელობის და ქვეყნის იმ წარსულის, რომელიც ევროპაში გაიქცა ერთი საუკუნის წინ. გაიქცნენ, ჩვენ მათ პატივს ვცემთ, თუმცა ჩვენს წინაპრებს არ დაუტოვებიათ ეს სამშობლო. ჩვენი წინაპრები აქ დარჩნენ, ბევრი მათგანი დაიხვრიტა, გაციმბირდა, ბევრმა მათგანმა იბრძოლა ქვეყნისთვის, შექმნეს ქართული კულტურა“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.