სოზარ სუბარი - აშშ-ის კონსოლიდირებული ასიგნებების აქტში პირდაპირ წერია, რომ ვერც ერთი სახელმწიფო, რომელიც სეპარატისტებს გარკვეულ დახმარებას გაუწევს, ერთ ცენტსაც ვერ მიიღებს
სოზარ სუბარი - აშშ-ის კონსოლიდირებული ასიგნებების აქტში პირდაპირ წერია, რომ ვერც ერთი სახელმწიფო, რომელიც სეპარატისტებს გარკვეულ დახმარებას გაუწევს, ერთ ცენტსაც ვერ მიიღებს

აშშ-ის კონსოლიდირებული ასიგნებების აქტში პირდაპირ წერია, რომ ვერც ერთი სახელმწიფო, რომელიც სეპარატისტებს გარკვეულ დახმარებას გაუწევს, ერთ ცენტსაც ვერ მიიღებს, რაც ამერიკის ძალიან მკაფიო მხარდაჭერაა, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზამ სუბარმა განაცხადა.

მისივე თქმით, ის რომ დღეს საქართველო შემდგარი სახელმწიფოა, საერთაშორისო პარტნიორების, განსაკუთრებით აშშ-ის დახმარების შედეგია.

„დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, ის რომ დღეს საქართველო შემდგარი სახელმწიფოა ჩვენი მეგობრების და განსაკუთრებით აშშ-ის დახმარების შედეგია, როგორც ფინანსური, ისე მორალური და პოლიტიკური მხარდაჭერის. ამირიკის შეერთებული შტატების ძალიან მკაფიო მხარდაჭერაა ის, რომ ფინანსური მხარდაჭერის აქტში პირდაპირ წერია, ვერც ერთი სახელმწიფო, რომელიც სეპარატისტებს გარკვეულ დახმარებას გაუწევს, ერთ ცენტსაც ვერ მიიღებს.

რაც შეეხება დემოკრატიას, ამერიკა საქართველოსა და მთელ მსოფლიოში დემოკრატიის ერთ-ერთი უპირველესი გამავრცელებელია და ბუნებრივია, ისინი ჩვენთან დემოკრატიულ პროცესს მხარს უჭერენ. დემოკრატიის შემადგენელი ნაწილია მრავალფეროვანი პარლამენტი და პარლმენტში აზრთა სხვადასხვაობა. როდესაც ცხრა პარტია ლახავს საარჩევნო ბარიერს და ამის შემდეგ ისინი ხალხის მანდატზე უარს ამბობენ, ეს დემოკრატიულ სტანდარტში არ ჯდება. სწორედ ამიტომ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტიც, ცალკეული კონგრესმენებიც თუ სენატორებიც ყოველდღიურად მოუწოდებენ ოპოზიციას, რომ მონაწილეობა მიიღონ საპარლამენტო მუშაობაში. ეს საჭიროა ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა კონსოლიდირებული ასიგნებების აქტს, სადაც საქართველოსთვის არანაკლებ 132 025 000 დოლარის ოდენობით ფინანსური დახმარების გაწევაზეა საუბარი.

აღნიშნული კანონი მანამდე აშშ-ის ასიგნებების კომიტეტმა მიიღო, მოგვიანებით კი კონგრესმა დაამტკიცა, რის შემდეგაც ის ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეგზავნა. კანონი სახელმწიფო მდივანს ავალდებულებს, დოკუმენტის ძალაში შესვლიდან 90 დღის ვადაში, კონგრესის ასიგნებათა კომიტეტს წარუდგინოს ანგარიში საქართველოში „კანონის უზენაესობის და ინსტიტუტების ანგარიშვალდებულების“ შესახებ.

როგორც აღნიშნული კანონის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, სახელმწიფო მდივნის ანგარიშში ასახული უნდა იყოს ინფორმაცია: „საქართველოს მთავრობის დეტალური ქმედებების შესახებ 2020 წლის პირველი იანვრიდან 1.დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, მათ შორის, ბოლო არჩევნებით; 2. კორუფციასთან ბრძოლისა და 3. კერძო სექტორში კანონის უზენაესობის და უცხოური საინვესტიციო კლიმატის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის შესახებ“.

ამავე აქტის მიხედვით, აშშ კრძალავს დახმარების გამოყოფას იმ ქვეყნების ცენტრალური მთავრობებისთვის, რომლებიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობას აღიარებენ, ან მათთან დიპლომატიური კავშირები აქვთ.

აღსანიშნავია, რომ კანონის თავდაპირველი ვარიანტი, სახელმწიფო მდივნის ანგარიშიდან გამომდინარე, საქართველოსთვის გამოყოფილი თანხის 15 პროცენტის შეჩერებას ითვალისწინებდა, თუმცა ეს პირობა საბოლოო ვერსიაში არ მოხვდა.