სოზარ სუბარი - არახამია არის „ნაცმოძრაობის“ მოკავშირე და მათი იდეების გამხმოვანებელი, ბარამიძის ჩანაწერიც ამის მკაფიო დასტურია
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის ომისა და ღალატის პარტია.
სუბარმა უპასუხა შეკითხვას გავრცელებულ ხმოვან შეტყობინებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გია ბარამიძე უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, ანდრეი კასიანოვს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს.
„დიდი ხანია, ვამბობთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის უბრალოდ, ომის პარტია და ღალატის პარტია. მათი ყოველი ნაბიჯი არის ქვეყნის ღალატისკენ მიმართული, არაერთი განცხადებითა და ქმედებით დადასტურდა ეს. მათ შორის, იგივე ხატია დეკანოიძის განცხადებები, როდესაც უკრაინულ ეთერებში პირდაპირ საქართველოს, ქართველ ხალხს და ხელისუფლებას სდებს ბრალს რუსეთთან თანამშრომლობაში და უკრაინის საწინააღმდეგო ბრძოლაში, ეს უბრალოდ საშინელი ცილისწამებაა და ბრძოლა საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ.
ზუსტად ამ შინაარსის იყო გიორგი ბარამიძის განცხადება, რომელიც აღშფოთდა იმის გამო, რომ საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ბატონმა კასიანოვმა მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას და ქართველ ხალხს დახმარების გამო, რასაც ჩვენ ვუწევთ ჩვენს მეგობარ ქვეყანას და პირდაპირ ამბობს, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ დასაჯონ კასიანოვი, უკავშირდება საგარეო საქმეთა სამინისტროს, უკავშირდება არახამიას და ა.შ. როცა ასეთ კავშირებს ვხედავთ, გასაკვირი არ არის არახამიას განცხადებები, როცა ის საქართველოს ბრალს სდებს წარმოუდგენელ რაღაცებში, ბრალს სდებს, პირდაპირ ვთქვათ, უკრაინის წინააღმდეგ მოქმედებაში, ადანაშაულებს რუსეთთან თანამშრომლობაში და ითხოვს, რომ სანქციები დაუწესონ ბიძინა ივანიშვილს“, – განაცხადა სუბარმა.
სოზარ სუბარის თქმით, არ არის გასაკვირი სხვა განცხადებები, რომელიც ისმის ზოგიერთი უკრაინელი პოლიტიკოსის მხრიდან.
„მაგრამ ამ შემთხვევაში, ის არის, რომ ეს არის ღალატი იმ ადამიანების მხრიდან, მეხუთე კოლონის მხრიდან, რომლებიც საქართველოში ყოველთვის რუსეთის ინტერესებს ატარებდნენ. ვგულისხმობ „ნაციონალურ მოძრაობას“. ეს ის პარტიაა, რომელმაც ჯერ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, ომიდან ორ თვეში საქართველოს, ქართველ ხალხს და ქართულ ჯარს დააბრალა ომის დაწყება, დააბრალა აკრძალული კასეტური ბომბების გამოყენება, დააბრალა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის და საერთაშორისო ადამიანის უფლებათა სამართლის დარღვევა, რითაც პრაქტიკულად გამარჯვების შანსი გვესპობოდა სტრასბურგში, რუსეთის წინააღმდეგ მართლა რომ ხელისუფლება არ შეცვლილიყო და არ წარგვედგინა მტკიცებულებები და დღეს ზუსტად იგივეში გვდებენ ბრალს. არახამია არის მათი მოკავშირე უკრაინაში და მათი იდეების გამხმოვანებელი, აქამდე არაერთხელ დავინახეთ არახამიას სხვადასხვა განცხადებებში ეს, არახამიასთან მათი ურთიერთობებითაც და ეს ჩანაწერიც მაგის მკაფიო დასტურია“, – განუცხადა სოზარ სუბარმა საქართველოს პირველ არხს.