სოზარ სუბარი - არ შეიძლება „ნამახვანჰესისა“ და დავით გარეჯის საკითხების ხელოვნურად ერთმანეთთან მიბმა და ემოციებზე თამაში
სოზარ სუბარი - არ შეიძლება „ნამახვანჰესისა“ და დავით გარეჯის საკითხების ხელოვნურად ერთმანეთთან მიბმა და ემოციებზე თამაში

არ შეიძლება „ნამახვანჰესისა“ და დავით გარეჯის საკითხების ხელოვნურად ერთმანეთთან მიბმა და ემოციებზე თამაში, – განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, სოზარ სუბარმა თემის კომენტირებისას.

სუბარი მოუწოდებს ყველას, გაითვალისწინონ თხოვნა, რჩევა, რომელიც აქვს ამ თემაზე საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას.

„ბოლო 17 საუკუნის განმავლობაში, რაც ქართული სახელმწიფო და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ერთად არსებობს, არ ყოფილა შემთხვევა, როდესაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია არ იდგა ეროვნულ სადარაჯოზე და არ იყო ერის მართლაც გზის გამნათებელი, სწორი გზის მაჩვენებელი. ეს გამოჩნდა ბოლო დღეებშიც, როდესაც რამდენჯერმე ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიცია იყო ერთგვარი ორიენტირი მთელი ჩვენი საზოგადოებისთვის. ეს ეხება „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებითაც და გარეჯთან დაკავშირებით ძალიან მწვავე საკითხებს. ორივე შემთხვევაში, განსაკუთრებით ნამახვანთან დაკავშირებულ ვნებათაღელვაში, ეკლესიის პოზიცია არის, რომ დიალოგი არის ერთადერთი გზა, რითაც ასეთი საკითხები უნდა გადაწყდეს.

რაც შეეხება დავით გარეჯს, დავით გარეჯთან დაკავშირებით, იმ წუთიდან მოყოლებული, როდესაც გაჩნდა პრობლემა, ეკლესია იყო მეწინამძღვრე ქართველი ერის და ქართული სახელმწიფოსი, რომ მეგობარ სახელმწიფოსთან, აზერბაიჯანთან მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით აღვადგინოთ ისტორიული სამართლიანობა და გავავლოთ საზღვარი იქ, სადაც ის გადიოდა ბოლო ასწლეულის განმავლობაში. ამ ორი საკითხის დაკავშირება ერთმანეთთან არის აბსოლუტურად არასწორი, მათ ერთმანეთთან მართლა არაფერი აქვს საერთო და ეს იყო სწორედ საპატრიარქოს განცხადების მთავარი პოზიცია, არაფერი აქვთ საერთო, რადგანაც, როდესაც ვცდილობთ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხების წინ წამოწევას და აქ აქცენტი კეთდება პატრიოტიზმზე, ძალიან ადვილია, რომ გარკვეულწილად ძალინ გულწრფელ პატრიოტულ გრძნობას ვერ მივაყოლოთ ხოლმე საჭირო გონებრივი განსჯა, რომელიც არის საჭირო ასეთ დროს. ამიტომაც კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, ჩვენს მოქალაქეებს, რომ ამ შემთხვევაში უფრო დიდი ავტორიტეტი, ვიდრე არის საქართველოს საპატრიარქო არ არსებობს და გაითვალისწინონ ის თხოვნა, ის რჩევა, რომელიც აქვს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და ემოციებს ნუ ავყვებით ხოლმე ერისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტისას. დავით გარეჯი არის უმნიშვნელოვანესი საკითხი თითოეული ქართველისთვის, ჩვენი ყველა მოქალაქისთვის, მიუხედავად ეროვნებისა, „ნამახვანჰესი“ არის უმნიშვნელოვანესი საკითხი ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ეკონომიკისთვის, ჩვენი ბუნებისთვის, მაგრამ არ შეიძლება ამ საკითხების ხელოვნურად ერთმანეთთან მიბმა და გარკვეული აქციებით გარკვეული ემოციებზე თამაშით მათი გადაწყვეტის მცდელობა“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

საპატრიარქომ დღეს გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია: „ყველას ვთხოვთ, გაითვალისწინონ, რომ „ნამახვანჰესისა“ და დავით გარეჯის საკითხები განსხვავებულია მრავალი ნიშნით და მათი ერთ სივრცეში მოქცევა სწორი არ არის“.