სოზარ სუბარი - ანდრეი კასიანოვმა იქნებ, საქართველოში მცხოვრებ უკრაინელ ლტოლვილებს უთხრას, საქართველოდან თქვენს ევაკუაცია ვაპირებო, მაინტერესებს, როგორ გაასწრებს მათ რისხვას
სოზარ სუბარი - ანდრეი კასიანოვმა იქნებ, საქართველოში მცხოვრებ უკრაინელ ლტოლვილებს უთხრას, საქართველოდან თქვენს ევაკუაცია ვაპირებო, მაინტერესებს, როგორ გაასწრებს მათ რისხვას

ბატონმა კასიანოვმა „უკრაინსკაია პრავდას“ კი არა, იქნებ, საქართველოში მცხოვრებ უკრაინელ ლტოლვილებს უთხრას, საქართველოდან თქვენს ევაკუაცია ვაპირებო. მაინტერესებს, როგორ გაასწრებს მათ რისხვას და ვის მოუწევს სასწრაფო ევაკუაცია, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი სოზარ სუბარი სოციალურ ქსელში წერს.

სოზარ სუბარი ეხმაურება საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადებას, რომ რუსების საქართველოში შემოსვლის გამო საფრთხის არსებობის შემთხვევაში, შესაძლოა, საქართველოდან უკრაინელების ევაკუაცია განხორციელდეს.

„ან კიდევ, უკრაინელი ლტოლვილები ჩვენთანაც რომ იმ პირობებში ცხოვრობდნენ, როგორც ეს ევროპის ბევრ ქვეყანაშია (კარვებში, მცირე ზომის საკნებად გადატიხრულ სპორტდარბაზებში და ა.შ.), წარმომიდგენია, რა წყევლა-კრულვას და რისხვას დაგვატეხდნენ თავს ბატონი კასიანოვი და მისი კიეველი უფროსები.

ისე, ინფორმაციისთვის, ბატონმა კასიანოვმა რომ იცოდეს: გაცილებით მეტი უკრაინელი და რუსი ცხოვრობს ერთმანეთის გვერდით პრაღაში, ვენაში, ბერლინში, პარიზში, მადრიდში… პერიოდულად (საქართველოსგან განსხვავებით), კონფლიქტებიც აქვთ ერთმანეთთან, მაგრამ არავინ ითხოვს ვინმეს ევაკუაციას.

ყველაზე სამწუხარო მაინც ისაა, რომ შხამი და ბალღამი, რასაც არ იშურებს საქართველოს მიმართ არაერთი უკრაინელი პოლიტიკოსი, სახელმწიფო თანამდებობის პირი, დიპლომატი თუ ჟურნალისტი და ექსპერტი, აუცილებლად მოახდენს გავლენას იმ მეგობრულ და კეთილგანწყობილ ურთიერთობებზე, რაც ყოველთვის არსებობდა ქართველებსა და უკრაინელებს შორის“, – აცხადებს სოზარ სუბარი.