სოზარ სუბარი - ახლები და ძველები მე ვიცი ილია ჭავჭავაძისა და გრიგოლ ორბელიანის ბანაკები
გედევან ფოფხაძეს საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებაზე ნაჩქარევი გადაწყვეტილება არ უნდა მიეღო, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა, სოზარ სუბარმა განუცხადა.
მისივე თქმით, პარტიაში გასარიცხთა სია არ არსებობს. სოზარ სუბარის აზრით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მხრიდან ზედმეტად ემოციური და გარკვეულ საზღვარს გადაცდენილი განცხადებებიც გაკეთდა.
„ახლები და ძველები მე ვიცი ილია ჭავჭავაძისა და გრიგოლ ორბელიანის ბანაკები, ძველები და ახლები, თერგდალეულები და თერგდაულევლები, მაგრამ სხვა ახლები და ძველები მე არ ვიცი ნამდვილად. არანაირი გასარიცხთა სია არ არსებობს. მგონია, რომ განცხადებები ზედმეტად ემოციური იყო და გარკვეულ საზღვარს გადაცდენილი, როდესაც ლაპარაკი იყო თავმჯდომარის გადაყენების პროცედურაზე და ა.შ. იგივე გედი ფოფხაძესთან დაკავშირებითაც, რომელიც არის ჩემი დიდი ხნის მეგობარი და თანამებრძოლი 2011 წლიდან. ასეთი ნაჩქარევი გადაწყვეტილება უმრავლესობის დატოვებაზე, ჩემი აზრით, არ უნდა მიეღო და დღესაც მოხარული ვიქნები, თუ ის ამას გადაიფიქრებს. ყოველ შემთხვევაში, ამის სურვილი არის ძალიან დიდი გუნდში. რომც არ გადაიფიქროს, მაინც დარჩება ჩვენს თანამებრძოლად და მეგობრად“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.