სოზარ სუბარი - ადამიანი როცა ვერ ეგუება ციხის პირობებს და სტრესს განიცდის, დანაშაული არ უნდა ჩაიდინოს, თუ ჩაიდენს, სტრესებთან გამკლავება მოუწევს
სოზარ სუბარი - ადამიანი როცა ვერ ეგუება ციხის პირობებს და სტრესს განიცდის, დანაშაული არ უნდა ჩაიდინოს, თუ ჩაიდენს, სტრესებთან გამკლავება მოუწევს

„ქართული ოცნების“ წევრის სოზარ სუბარის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს მისჯილი აქვს 6 წელი და საპატიმროში მოუწევს სასჯელის მოხდა.

სუბარი გამოეხმაურა მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილის განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ სახელმწიფოს სთავაზობს, სააკაშვილი იყოს შინაპატიმრობაში მის ეპარქიაში.

„სააკაშვილს მისჯილი აქვს 6 წელი და მისი მოხდა, ბუნებრივია, მოუწევს საპატიმროში. გარდა ამისა, მის წინააღმდეგ მიმდინარეობს რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე, სასამართლო განხილვებია და როგორ დამთავრდება, ეს ჯერ ჩვენ არ ვიცით, ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებთ. როცა მოიხდის სასჯელს, თუ ის ბერად შედგომას გადაწყვეტს, ბუნებრივია, შეუძლია, წავიდეს მეუფე ნიკოლოზთან და სადაც უნდა, რომელ მონასტერშიც უნდა, მაგრამ ყველა შემთხვევაში მახსენდება სულხან-საბას ცნობილი იგავი, მელი მოძღვრად. რამდენად გამოდგება ეს ადამიანი მოძღვრად, ვერ გეტყვით“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

რაც შეეხება კითხვას: „უკრაინის ომბუდსმენმა ლუდმილა დენისოვამ განაცხადა, რომ ფიზიკური, ფსიქოთერაპიული რეაბილიტაცია არ უტარდება სააკაშვილს და მოუწოდებს ხელისუფლებას, ყველაფერი გააკეთოს, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობას“, – სუბარის თქმით, ლუდმილა დენისოვას ალბათ დაავიწყდა, რომელი ქვეყნის ომბუდსმენია.

„ლუდმილა დენისოვას, მგონი, დაავიწყდა, რომელი ქვეყნის ომბუდსმენია, რადგან აბსოლუტურად სცდება ომბუდსმენების საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტს. ომბუდსმენი არ არის ექსტერიტორიული პრინციპით, ის თავის ქვეყანაში იცავს ყველა ადამიანის უფლებას, იქნება ამ ქვეყნის, თუ სხვა ქვეყნის მოქალაქე, თუნდაც მოქალაქეობის არმქონე პირი.

რაც შეეხება ჩვენი სახალხო დამცველის განცხადებას, რომ თურმე მიხეილ სააკაშვილი ციხეში ყოფნით სტრესს განიცდის, რაღაც ამდაგვარი თქვა, როცა ადამიანი ვერ ეგუება ციხის პირობებს და სტრესს განიცდის ამის გამო, მან დანაშაული არ უნდა ჩაიდინოს. ძალიან მარტივი რეცეპტი არსებობს და თუ დანაშაულს ჩაიდენს, მსგავს სტრესებთან გამკლავება მოუწევს“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

ამასთან, კითხვაზე, არის თუ არა სააკაშვილი დაზარალებული იმ კადრებიდან გამომდინარე, რაც ვიხილეთ, სუბარი პასუხობს, რომ ვიდრე ადამიანის მიმართ დანაშაულის ჩადენა არ დადგინდება, ის დაზარალებულად ცნობილი ვერ იქნება.

„პროკურატურის განცხადება არ მინახავს. ამიტომ ჩემი პასუხი ვერ იქნება დასაბუთებული, რადგან არ ვიცი პროკურატურის პოზიცია. ზოგადი პრინციპი ასეთია – ვიდრე დადგენილი არ იქნება, რომ ადამიანის მიმართ ჩადენილი იქნა დანაშაული, ის დაზარალებულად ცნობილი ვერ იქნება. ეს არის სისხლის სამართლის კოდექსის ზოგადი პრინციპი. როცა ადამიანისთვის ციხეში ყოფნა არის სტრესი, მან დანაშაული არ უნდა ჩაიდინოს. თუ ჩაიდენს დანაშაულს, ამ სტრესის გაძლება მოუწევს. მეორე – დაზარალებულად ვერავინ იქნება ცნობილი, ვიდრე მის მიმართ ჩადენილი დანაშაული არ იქნება დადგენილი. მესამე, ნურავინ ჩამითვლის ამას რაიმე ზეწოლად გამოძიებაზე ან სასამართლოზე, რადგან უბრალოდ ვერ მოვახდენ გამოძიებაზე ზეწოლას, ჩემი პირადი აზრია, რომ რაც ვიხილეთ, იმით არათუ სააკაშვილის უფლებები არ არის დარღვეული, არათუ მის მიმართ დანაშაული არ არის ჩადენილი, მე რასაც ვხედავდი და ყველა ხედავდა, ის თავს დაესხა თანამშრომლებს, დაამტვრია რაღაც აპარატურა. შესაბამისად, ვის მიმართ იქნა ჩადენილი დანაშაული, ამაზე საზოგადოებამ იმსჯელოს და გამოძიება თავისთავად იმსჯელებს. ვერც პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები ვერ იქნებიან ცნობილი დაზარალებულად, ვიდრე მათ მიმართ არ იქნება…“, – განახადა სოზარ სუბარმა.

რაც შეეხება სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე ბრალდებული პირების აღიარებას, სუბარის თქმით, დანაშაული ისედაც მკაფიო იყო.

„ადამიანი არ იყო საქართველოში, უცებ აღმოჩნდა საქართველოში ისე, რომ მას საზღვარი ლეგალურად არ გადმოუკვეთია, საპასპორტო კონტროლი არ გაუვლია, უცხო ქვეყნის მოქალაქე შემოვიდა საქართველოში. ჩვენ ვნახეთ, როცა ადამიანები იქცეოდნენ გაცილებით ღირსეულად და ვაჟკაცურად, ამის მაგალითია ნავალნის მაგალითი რუსეთში და უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის ჩასვლა სულ რაღაც ორი დღის წინ უკრაინაში. სააკაშვილი შემოიპარა არაჟნის ქილებთან ერთად, უკანონოდ გადმოკვეთა საზღვარი, ამას არ სჭირდება ბევრი სასამართლო მტკიცებულება. ადამიანებმა, რომლებიც მას ეხმარებოდნენ, აღიარეს თავისი დანაშაული, დეტალებში მოყვნენ ყველაფერი, რა როგორ იყო და გასაგებია, რომ პროკურატურამ საჭიროდ ჩათვალა, მათ მიმართ აღკვეთი ღონისძიება შეეცვალა. ეს არ ნიშნავს, რომ მათ დანაშაული არ ჩაუდენიათ, რომ არ გასამართლდებიან ბოლომდე და სასჯელი არ მიესჯებათ, თუმცა აღკვეთის ღონისძიების ეტაპზე პროკურატურამ ჩათვალა, რომ ეს ადამიანები თანამშრომლობდნენ, აღიარებდნენ, არ არღვევდნენ კანონს და შესაბამისად, მათ მიმართ შეცვალა აღკვეთის ღონისძიება“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.