სოზარ სუბარი - 21 ნოემბერს ჩვენი ქვეყნის მომავალს კიდევ ერთხელ გადაწყვეტთ და მჯერა, რომ ხმას საქართველოს ხვალინდელ დღეს მისცემთ
სოზარ სუბარი - 21 ნოემბერს ჩვენი ქვეყნის მომავალს კიდევ ერთხელ გადაწყვეტთ და მჯერა, რომ ხმას საქართველოს ხვალინდელ დღეს მისცემთ

სულ მალე, 21 ნოემბერს, თქვენ ჩვენი ქვეყნის მომავალს კიდევ ერთხელ გადაწყვეტთ და მჯერა, რომ ხმას მისცემთ საქართველოს ხვალინდელ დღეს, „ერთად საქართველოს წარმატებისთვის“, – ამის შესახებ სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, სოზარ სუბარმა ვარკეთილი სამის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ვარკეთილი სამის ტერიტორიაზე ბევრი რამ გაკეთდა – მოეწყო შიდა გზები, რვა ჰექტარზე გაშენდა დასასვენებელი პარკები, რომელთა ჯამური ღირებულება 7 000 000 ლარს შეადგენს, ფეხბურთის ფედერაციის დაფინანსებით აშენდა უეფას სტანდარტების შესაბამისი საფეხბურთო სტადიონი, რომლის ღირებულებაც 2 000 000 ლარზე მეტია. მიმდინარეობს მულტიფუნქციური კომპლექსის მშენებლობა, რომელიც 2021 წელს დასრულდება და მისი ღირებულება 13 000 000 ლარია.

როგორც სოზარ სუბარმა აღნიშნა, პრობლემები კვლავ რჩება და ასეთია ამორტიზებული ლიფტების რეაბილიტაცია და ახლით ჩანაცვლება, წყლისა და კანალიზაციის სისტემის სრული რეაბილიტაცია და რეკრეაციული ზონების მოწყობა.

შეხვედრის დასასრულს, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც მივიდა 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებზე და ხმა მისცა ქართულ ოცნებას და მის მაჟორიტარობის კანდიდატს.

„31 ოქტომბერს, მიუხედავად ქვეყანაში შექმნილი მძიმე პანდემიური სიტუაციისა, თქვენ მოქალაქეობრივი ვალი მოიხადეთ და თქვენი არჩევანით არ მიეცით უფლება რადიკალურ ოპოზიციას ქვეყანა უკან, ბნელ წარსულში დაებრუნებინათ. დღეს თქვენი აქტივობა და მხარდაჭერა ბევრად უფრო დასაფასებელია, ვიდრე არასდროს. მადლობას გიხდით იმ ამომრჩეველსაც, ვინც ღიად გამოგვიცხადეთ მხარდაჭერა, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო ვერ შეძელით არჩევნებზე მოსვლა“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.