სოზარ სუბარი – 2007 წლის 7 ნოემბერს „იმედთან“ დაკავშირებით რაც ხდებოდა, იყო წარმოუდგენელი სისასტიკე ქართველი ხალხის, დამოუკიდებელი ტელევიზიის წინააღმდეგ

16:55, 07.11.2026

„ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი აცხადებს, რომ ქართველი ხალხის წინაშე ჩადენილი დანაშაულების გამო, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს არანაირი სინანული არ აქვთ.

სოზარ სუბარმა 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენები გაიხსენა და აღნიშნა, რომ „იმედთან“ დაკავშირებით რაც ხდებოდა, იყო წარმოუდგენელი სისასტიკე ქართველი ხალხის, დამოუკიდებელი ტელევიზიის და ზოგადად, დემოკრატიული ღირებულების წინააღმდეგ.

„საკონსტიტუციო სასამართლოზე რა განცხადებებსაც აკეთებენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, პლუს სააკაშვილის ციხიდან გამოქვეყნებული განცხადებაც ნათლად ადასტურებს, რომ არანაირი სინანული არ აქვთ ქართველი ხალხის წინაშე ჩადენილი დანაშაულების გამო. პირიქით, ისინი მზად არიან, დღესაც გაიმეორონ იგივე, გაიმეორონ უფრო სასტიკად. ერთადერთი, ნანობენ, რომ 2012 წელს ყველა ძალით არ სცადეს ხელისუფლების შენარჩუნება, სხვა რამეზე სინანული მათ არ აქვთ. სააკაშვილის წერილი არის ტყუილებზე აგებული დემაგოგია, რადგან ის, რაც ხდებოდა „იმედთან“ დაკავშირებით, იყო მართლა წარმოუდგენელი სისასტიკე ქართველი ხალხის წინააღმდეგ, დამოუკიდებელი ტელევიზიის და ზოგადად, ყველანაირი დემოკრატიული ღირებულების წინააღმდეგ.

მე პირადად ვიყავი იქ, როდესაც ხდებოდა „იმედში“ შეჭრა, ჟურნალისტებს სცემეს უსასტიკესად, შიგნით არ შემიშვეს, გარეთ ვიდექი, მაგრამ შემდეგ ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვინც შიგნით შევიდა, მთლიანად დალეწილი და განადგურებული იყო ტექნიკა. არ იყო მხოლოდ რამდენიმე დღით დაკეტვა, ეს იყო საკმაო ხნით არხის ფუნქციონირების შეწყვეტა, რის შემდეგაც არხი წაართვეს მის კანონიერ მფლობელს, ბადრი პატარკაციშვილს და გადასცეს ადამიანს, რომელსაც ამ არხთან საერთო არაფერი ჰქონდა. მხოლოდ „იმედის“ თემა არ ყოფილა, ზუსტად იმავე დღეებში მოხდა კიდევ რამდენიმე არხის დახურვა, გათიშვა მაუწყებლობის. ეს ეხებოდა 25-ე არხს, ტელეკომპანია კავკასიას, თუმცა მათ მეორე დღესვე აღუდგათ, რაც მე ამის შესახებ ველაპარაკე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს და მეთიუ ბრაიზას, რომელიც იყო თბილისში ჩამოსული. ამერიკის შეერთებული შტატების სპეციალური წარმომადგენელი იყო კავკასიაში, სწორედ მეთიუ ბრაიზა და ამერიკის ელჩი წყვეტდნენ, რომელი მაუწყებლობა უნდა აღდგენილიყო და რამდენ ხანში. მათი ერთი ზარით განხორციელდა იმ ორი მაუწყებლობის აღდგენა.

რაც შეეხება ტელეკომპანია „იმედს“, ის უბრალოდ საერთოდ გამოიყვანეს მწყობრიდან, ტექნიკა იყო განადგურებული. გარდა ამისა, მიდიოდა უშუალოდ ჟურნალისტების სასტიკი ცემა. ჟურნალისტები, როცა სახალხო დამცველის ოფისში მოდიოდნენ, პირდაპირ მიყვებოდნენ, რომ მათ უკვე შენობიდან გამოსულებს აიძულებდნენ, ერბინათ, მისდევდნენ უკან სპეცრაზმელები და სპეციალურად ზურგში ურტყამდნენ რეზინის ტყვიებს, ურტყამდნენ ხელკეტებს, რაც, ბუნებრივია, არანაირ სტანდარტში არ ჯდება“, – განაცხადა სუბარმა.

სოზარ სუბარმა ისაუბრა იმის შესახებაც, რა უძღოდა წინ „იმედში“ შეჭრას.

„იმედის“ ეპიზოდის გარდა, იყო უამრავი დარღვევა, დაიწყო დილა იმით, რომ აბსოლუტურად მშვიდობიანად მოშიმშილე ადამიანებს, მათ შორის პარლამენტის წევრებს, თავს დაესხნენ გადაცმული ადამიანები, ვითომ ისინი იყვნენ მერიის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები. უსასტიკესად სცემეს, ასევე წაართვეს კარვები, პარლამენტშიც კი არ უშვებდნენ ამის შემდეგ ნაცემ პარლამენტის წევრებს. შემდეგ დღის განმავლობაში რამდენჯერმე გაგრძელდა ამ ჯგუფების დარბევა ყველგან, სადაც კი რამდენიმე კაცი შეიკრიბებოდა. ბოლო აკორდი იყო უკვე ჯერ რიყეზე ხალხის დარბევა და ცემა, შემდეგ ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრა. გამთენიისას რომ დაესხნენ თავს ადამიანებს, მაშინ იქ არ ვყოფილვართ მე და ჩემი თანამშრომლები, მაგრამ იმის შემდეგ მე და ჩემი თანამშრომლები ვიყავით რუსთაველის პროსპექტზე ყველგან, სადაც კი შეიძლებოდა, კონფლიქტის კერა ყოფილიყო, ჩვენ თვალწინ სცემდნენ ადამიანებს. აბსოლუტურად წინააღმდეგობას რომ არ უწევდნენ, ისეთ ადამიანებს. მაგალითად, საქართველოს პარლამენტსა და პირველ გიმნაზიას შორის ხდებოდა, „იმედის“ ერთ-ერთ ჟურნალისტს სცემდა სამი სპეცრაზმელი, სახელი არ მახსოვს, ხელკეტებს ურტყამდნენ ამ სიტყვებით: „შე ბადრის ლეკვო, რამდენს ბედავ“. მე რომ მივედი, გაჩერდნენ ამის შემდეგ. ასეთი ძალიან ბევრი ფაქტი იყო. სადაც კი გამოვჩნდებოდი და ვეტყოდი, გაჩერდით, ჩერდებოდნენ, თუმცა ბოლოს, ოპერის გვერდით ქუჩაზე ასევე ხალხს ვიცავდი, როდესაც უშუალოდ დამიწყო ცემა რამდენიმე სპეცრაზმელმა. როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, ეს იყო სასჯელაღსრულების სპეცრაზმელი, თავისთავად დარღვევა იყო საქართველოს კონსტიტუციის და კანონმდებლობის ისიც, რომ მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ პოლიციის სპეცრაზმთან ერთად, გამოყვანილი იყო სასჯელაღსრულების სპეცრაზმი. გამოყვანილი იყვნენ თავდაცვის სამინისტროს ძალები, რომლის არანაირი უფლება პრეზიდენტს და საქართველოს ხელისუფლების არცერთ წარმომადგენელს არ ჰქონდა. თუნდაც აქედან ჩანს, რომ ეს იყო უშუალოდ სააკაშვილის მიერ დაგეგმილი სპეცოპერაცია საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, მის გარდა, ვერავინ გამოიყვანდა თავდაცვის ძალებს მოქალაქეების წინააღმდეგ“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

მსგავსი