სოზარ სუბარი - მაისი მაისად დარჩება, მაგრამ აქციის გამართვის წელს ვერ დააზუსტებენ, რადგან ხალხი არ მიჰყვებათ
სოზარ სუბარი - მაისი მაისად დარჩება, მაგრამ აქციის გამართვის წელს ვერ დააზუსტებენ, რადგან ხალხი არ მიჰყვებათ

საპარლამენტო არჩევნებზე მთავარ ოპოზიციურ ძალას ხმა ნახევარმა მილიონმა ადამიანმა მისცა, დაახლოებით მილიონია ოპოზიციისთვის ხმის მიმცემი, მაგრამ ეს ხალხი ქუჩაში არ გამოდის, რადგან ოპოზიციისგან განსხვავებით, ხალხმა ძალიან კარგად იცის, რომ არჩევნები არ გაყალბებულა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარმა განაცხადა.

როგორც სოზარ სუბარმა აღნიშნა, როცა მოლაპარაკებების პროცესი მიდის, საპროტესტო აქციები ხელს არ უწყობს მოლაპარაკებებს.

„მთავარია ის, რაც 2012 წლის შემდეგ ვერ ისწავლეს. მათ ხალხი აქციებზე არ მიჰყვება, რადგან მათი მოთხოვნები არ არის რელევანტური, საქართველოში ხალხს მგრძნობელობა ძალიან მაღალი აქვს. ხალხმა ძალიან კარგად იცის, ქუჩაში გამოსვლა როდის არის საჭირო, ხშირად დაძახება არც სჭირდებათ. ქუჩაში გამოსვლის მიზნით, არანაირი მოწოდება არ ყოფილა, როცა უშიშროების სამი თანამშრომელი „რუსთავი 2“-ში შევიდა, მთელი რუსთაველი გაივსო. იგივე შეგვიძლია ვთქვათ, გიორგი სანაიას მკვლელობასთან დაკავშირებით. იგივე იყო, როცა 2003 წლის ნოემბრის არჩევნები გაყალბდა და არაერთ თემაზე ჩვენს პერიოდში, როცა სპონტანურად ათასობით ადამიანი გამოდიოდა ქუჩაში. ოპოზიციამ 2012 წლის შემდეგ ვერც ერთხელ ხალხი ვერ შეკრიბა, რატომ? – არ აქვს ნდობა და ხალხი არ მიჰყვება. საპარლამენტო არჩევნებზე მთავარ ოპოზიციურ ძალას ხმა ნახევარმა მილიონმა ადამიანმა მისცა, დაახლოებით მილიონია ოპოზიციისთვის ხმის მიმცემი, მაგრამ ეს ხალხი ქუჩაში არ გამოდის, რადგან ოპოზიციისგან განსხვავებით, ხალხმა ძალიან კარგად იცის, რომ არჩევნები არ გაყალბებულა. მართლა რომ გაყალბებულიყო, არანაირი მოწოდება არ დასჭირდებოდათ, თავის ხმებს დაიცავდნენ“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

მისივე თქმით, კარგი იქნებოდა, თუ ოპოზიცია ხალხს ყურს დაუგდებს, რადგან არ შეიძლება ყველაფერში უნიათოები იყვნენ.

„რევოლუცია უნდათ, ვერ აკეთებენ; პარლამენტში შემოსვლა უნდათ, ვერ ბედავენ, მიშა აბულინგებთ; ქუჩაში შეკრება უნდათ, ვერ ახერხებენ; სენატში მოსმენა იყო, ევროპიდან რა მესიჯებიც მოდის, მგონი, 15 მაისის აქციასაც ვეღარ ჩაატარებენ და ამ აქციის გადატანა მოუხდებათ. შეიძლება, მაისი კი დარჩეს მაისად, მაგრამ წელს ვერ დააზუსტებენ, რომელ წელს იქნება აქცია, რადგან ხალხი არ მოჰყვებათ. ამას კარგად გრძნობენ და ჩვენ გვიწყებენ დამუნათებას, რატომ ითვლით, ქუჩაში რამდენი ადამიანი დგასო. თუ დასათვლელი არ არის, აქციებს რატომ აწყობენ“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.