Southwest Airlines-ის თვითმფრინავში კონტეინერით ადამიანის გული დარჩათ
აშშ-ში იძულებული გახდნენ, სიეტლიდან დალასის მიმართულებით მიმავალი ავიალაინერი უკან მიებრუნებინათ, როდესაც ბორტზე დარჩენილი ადამიანის ორგანო – გული აღმოაჩინეს. BBC-ს ინფორმაციით, ავიაკომპანია Southwest Airlines-ში ამბობენ, რომ ადამიანის ორგანოების გადასატანად საჭირო კონტეინერი სიეტლში კალიფორნიიდან ჩაიტანეს. კონტეინერში იდო გული, რომლიდანაც კლინიკაში სამომავლო გადანერგვისთვის სარქველი უნდა ამოეღოთ. თუმცა, კონტეინერის ჩამოტვირთვა დაავიწყდათ და ეს მხოლოდ მაშინ აღმოაჩინეს, როდესაც თვითმფრინავს დალასის მიმართულებით ნახევარი გზა გავლილი ჰქონდა.
BBC-ს ცნობით, ორგანო რომელიმე კონკრეტული პაციენტისთვის გადასანერგად არ იყო განკუთვნილი. მგზავრებმა, რომელთაც თვითმფრინავის უკან, სიეტლში დაბრუნების მიზეზი გამოუცხადეს, ინტერნეტში მოიძიეს ინფორმაცია, რამდენ ხანს შეიძლება გაძლოს გადასანერგმა გულმა ასეთ პირობებში. მათ გაარკვიეს, რომ ეს დრო 4-6 საათია. კონტეინერი ბორტზე დაახლოებით სამი საათის განმავლობაში იდო. გაზეთ Seattle Times-ს ბორტზე მყოფმა ერთ-ერთმა ექიმმა, რომელიც აღნიშნული ორგანოს ტრანსპლანტაციაში არ მონაწილეობდა, განუცხადა, რომ ფაქტი გულგრილობის საშინელი მაგალითია.
BBC წერს, რომ თვითმფრინავის სიეტლში ჩაფრენისთანავე, გული ტრანსპლანტაციისთვის განკუთვნილი ორგანოების შემნახველ ცენტრში დროულად გადაიტანეს და ის შემდგომში გამოყენებული იქნება შესაბამისი მიზნისთვის.