სოსო შატბერაშვილი - „ქართულ ოცნებაში“ დაშლის პროცესია, რომელსაც უფრო გაშლას დავარქმევდი
„ქართულ ოცნებაში“ აბსოლუტურად ბუნებრივი, დაშლის, ანუ გადაჯგუფების პროცესი მიმდინარეობს, მაგრამ ამას უფრო გაშლას დავარქმევდი, – ამის შესახებ მემარცხენე ალიანსის ლიდერმა, სოსო შატბერაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„იგივე პროცესი გაიარა თავის დროზე „მოქალაქეთა კავშირმა“, როცა რამდენიმე ჯგუფად დაიშალა. იგივე პროცესი გაიარა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, რომელიც რამდენიმე პარტიად დაიშალა და იგივე პროცესს გადის „ქართული ოცნება“, – განაცხადა შატბერაშვილმა.
მისი თქმით, ახლოვდება 2020 წლის არჩევნები, „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში ორი ვადით ყოფნა ეწურება და თუ ის მესამე ვადით შეეცდება, ისევ საკონსტიტუციო უმრავლესობით მოვიდეს. შესაძლოა, ეს ქართველმა ხალხმა აიტანოს, მაგრამ დასავლეთისთვის ეს პროცესი აბსოლუტურად მიუღებელი იქნება.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ „ქართულ ოცნებაში“ მიმდინარე პროცესი ვიღაცის დასანახად გაკეთებული სვლებია, სოსო შატბერაშვილმა აღნიშნა, რომ ეს ასე არ არის.
„ეს ბუნებრივი პროცესია. ისინი ძირითადად ორ ჯგუფად არიან გაყოფილი და მათ ერთმანეთთან საერთო არაფერი აქვთ. მათი გამაერთიანებელი ერთადერთი პიროვნება გახლავთ – პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც ეს პროცესი უკვე ვეღარ შეაჩერა. ვხედავთ უკვე, რომ ერთად არ დაუბარებია ისინი. ცალ-ცალკე ჯგუფებად იბარებს და ცალ-ცალკე ესაუბრება“, – განაცხადა სოსო შატბერაშვილმა.
მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რამდენად გასაგებია საერთაშორისო პარტნიორებისთვის და ქართველი ამომრჩევლისთვის ის, რომ წინა ხელისუფლების დანაშაულებრივად შეფასების საკითხი დღის წესრიგში ხელისუფლების ცვლილებიდან 6-7 წლის შემდეგ დგება, სოსო შატბერაშვილმა განაცხადა, რომ ეს რეზოლუცია „ქართულ ოცნებას“ უნდა შემოეტანა და არა „პატრიოტთა ალიანსს“, რადგან ეს მათი დაპირება იყო.
„გავიხსენოთ მათი დანაპირები 2011 წელს – როგორც კი ხელისუფლებაში მოვალთ, მაშინვე დავიწყებთ სააკაშვილის იმპიჩმენტის საკითხს, გადავაყენებთ და სისხლის სამართლის საქმეს აღვძრავთო. მე ამოჭრილი და შენახული მაქვს გაზეთი, რადგანაც ზოგიერთი მეუბნება, ასეთი რამ არ გვითქვამსო. მერე ვნახეთ, რომ სააკაშვილი გაიპარა და ხელი არავინ შეუშალა. შემდეგ, იქედან, ხან ორმოს თხრის, ხან საზღვარს ლახავს, ხან მოფრინავს, ხან მოცურავს და ბოლოს და ბოლოს, ვეღარ მოაღწია საქართველომდე. აღძრეს საქმე და რაზე? „ნაციონალური მოძრაობა“ „ქართულ ოცნებას“ მასხრად იგდებს, პიჯაკებზე აღძარით საქმეო და მართალია. პიჯაკებზე კი არა, მიხეილ სააკაშვილს სამხედრო დანაშაული აქვს ჩადენილი“, – განაცხადა სოსო შატბერაშვილმა.