სოსო რობაქიძე - ვინ შეეგუება მიხეილ სააკაშვილის პრემიერ-მინისტრობას და ამათ მოსვლას? არავინ
სოსო რობაქიძე - ვინ შეეგუება მიხეილ სააკაშვილის პრემიერ-მინისტრობას და ამათ მოსვლას? არავინ

ვინ შეეგუება მიხეილ სააკაშვილის პრემიერ-მინისტრობას და ამათ მოსვლას? არავინ, – ამის შესახებ ბუტა რობაქიძის მამა სოსო რობაქიძე აცხადებს.

„მინდა, განცხადება გავაკეთო იმასთან დაკავშირებით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტი პარტიები ემზადებიან, რომ ვერ შეეგუონ წაგებას. მხოლოდ ვლაპარაკობ „ნაციონალებზე“ და მის სატელიტურ პარტიებზე. ყველა ოპოზიციურ პარტიაზე არ ვსაუბრობ.

დიდი ხანია, ვუყურებ ამ პროცესს და ისედაც ვიცნობ მაგათ მოდგმას – ესენი ამას მოამზადებენ და ემზადებიან. ეს პარტია არის ეგზიტპოლებით მოსული პარტია, დაიწყეს რევოლუცია და მერე გადააგდეს შევარდნაძე. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პრაქტიკულად სული ამოგვხადა და შვილები წაგვართვა. მინდა, მათ ვუთხრა, ნუ გააკეთებთ ამას, შეეგუეთ წაგებას. წაგებული გაქვთ. გუშინ ლაპარაკობდა შაშკინი, „ოცნება“ ხალხს სცემსო და როგორ უნდა მოვიდნენ შეხვედრებზეო. პირდაპირ ვამბობ, თუ ესენი დაიწყებენ ასეთ გამოსვლებს და მოხდება ასეთი არეულობა, მაშინ ჩვენ მოვილაპარაკებთ, დავსხდებით, ცოტა არ ვართ, 1 000 ადამიანი იქნება და დავუპირისპირდებით ამ ხალხს, რომ ის არ მოხდეს, რაც არ უნდა მოხდეს. ვინ შეეგუება მიხეილ სააკაშვილის პრემიერ-მინისტრობას და ამათ მოსვლას? არავინ“, – აცხადებს სოსო რობაქიძე.

ამასთან, სოსო რობაქიძე აღნიშნავს, რომ ოპოზიცია ბელარუსის მოვლენების გამეორებას აპირებს.

„თურმე, ბელარუსის სცენარს გაიმეორებენ – მინდა, გითხრათ „ნაციონალებო“, კმარა, რაც სისხლი დაღვარეთ. მთელი თბილისი არის იმის საშიშროების ქვეშ, რომ მოხდეს არეულობა, გამოვიდნენ გარეთ. ხალხი ბელარუსში, რომელსაც მოსვლა უნდოდათ, თქვენსავით კი არ იყვნენ, სისხლი კი არ ჰქონდათ დაღვრილი, ხალხი სუფთა ხელებით მოდის. ახალი რა მოხდება, თქვენ რომ მოხვიდეთ, რა ცვლილება მოხდება, მიშა სააკაშვილი ვნახეთ, თქვენ გნახეთ, რა უნდა გააკეთოთ, ვინც დაგრჩათ გასაუპატიურებელი, ის უნდა შეასრულოთ ბოლომდე? ღმერთმა დაიფაროს, თქვენ მოხვიდეთ მთავრობაში, მაშინ დაიწყება ქვეყანაში არეულობა.

ვფიცავარ ჩემი შვილის სისხლს, არც „ოცნება“ მაინტერესებს, არავინ არ მაინტერესებს, არავის დავემორჩილებით – გაგცემთ პასუხს და ჩაგვხედეთ თვალებში. შალვა ნათელაშვილს ვეუბნები, ჩაგვხედეთ თვალებში, მიშა თუ არ გინდოდა, იმ ფანჩატურში რას მოგყავდა მიშას ხალხი. იქ პატიოსან ადამიანს უნდა ეთქვა, თქვენ აქ რა გინდათ, ბოკერიებზე და ასეთ ხალხზე. ვეუბნები „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის სატელიტ პარტიებს, არა ყველა ოპოზიციურ პარტიას – თუ თქვენ რამეს დააპირებთ, 100 000-იან კაციანი მიტინგები გქონდათ ჩვენნაირი ხალხისგან. ერთი პატარა პროვოკაცია და ვეღარ გაგვაჩერებთ ვერც „ოცნება“, ვერც კანონი, ჩვენ გამოვალთ და დავდგებით იქ, სადაც საჭიროა და მოგიღებთ ბარემ ბოლომდე ბოლოს“, – განაცხადა სოსო რობაქიძე.

დატოვე კომენტარი