სოსო ფრუიძე - თასის აღება თუ გვინდა, „სამგურალმა“ დაცვაში ყურადღებით უნდა ითამაშოს #1TVSPORT
წყალტუბოს „სამგურალის“ მთავარმა მწვრთნელმა სოსო ფრუიძემ საქართველოს თასის ნახევარფინალის შესახებ ილაპარაკა, სადაც მისმა გუნდმა გასვლაზე ქობულეთის „შუქურა“ 3:2 ბოლო წამებზე დაამარცხა და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.
„თასის ფინალში გასვლა ყველა გუნდისთვის წარმატებაა. თანაც ისეთ ამინდში მოვიგეთ, სადაც ბრძოლის გარეშე არაფერი გამოვიდოდა. ჩემს მოთამაშეებს თავდადების და ბოლომდე ვაჟკაცობის გამოჩენისთვის მადლობა მინდა გადავუხადო“, – განაცხადა სოსო ფრუიძემ.
წყალტუბოს „სამგურალის“ მთავარი მწვრთნელის აზრით, მოგებაში დიდი როლი გამართლებამ ითამაშა.
„რა თქმა უნდა, ფეხბურთელები რომ შევცვალეთ, ამით ბოლო წუთებზე თამაშის სურათი შეიცვალა. მაგრამ მოგებაში დიდი როლი გამართლებამ ითამაშა – ეს მომენტი ნამდვილად იყო“.
ფრუიძე თვლის, რომ „სამგურალმა“ დაცვაში მეტი ყურადღებით უნდა ითამაშოს, თასის ფინალში წარმატებას რომ მიაღწიოს.
„ისეთი შეცდომები, რომელიც ორივე გოლის გაშვების დროს დავუშვით, არ შეიძლება მოგვივიდეს. ეს უნდა გამოვასწოროთ, საქართველოს თასის აღება თუ გვინდა“.
სოსო ფრუიძის გუნდი საქართველოს თასისთვის მეოთხედ იბრძოლებს. აქამდე ფინალში გამოცდილმა სპეციალისტმა საფეხბურთო კლუბ საჩხერეს „ჩიხურა“ სამჯერ გაიყვანა – 2017 წელს მისი გუნდი საქართველოს თასის გამარჯვებული გახდა ხოლო 2013 და 2014 წლებში გუნდი ფინალში დამარცხდა.