სოსო ფრუიძე ევროპალიგის წილისყრაზე - არც ვიცით, „ფოლა“ რა გუნდია
სოსო ფრუიძე ევროპალიგის წილისყრაზე - არც ვიცით, „ფოლა“ რა გუნდია
ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე საჩხერის „ჩიხურა“ ლუქსემბურგის „ფოლა ეშს“ დაუწყვილდა.
 
სოსო ფრუიძის გაწვრთნილები 11 ივლისს გასვლაზე ითამაშებენ, ხოლო განმეორებით მატჩს 18 ივლისს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის არენაზე გამართავენ.
საჩხერელთა მთავარმა მწვრთნელმა სოსო ფრუიძემ წილისყრა შეაფასა და კომენტარი ლუქსემბურგის გუნდზეც გააკეთა.
„ჯერ „ფოლას“ შესახებ ვერაფერს გეტყვით, რადგან ზუსტად არც ვიცით, ეს რა გუნდია. ერთი შეხედვით, ლუქსემბურგელებთან ფავორიტები ჩვენ უნდა ვიყოთ, მაგრამ რეალობა სხვაგვარადაა – „ფოლა“ წილისყრაზე განთესილი იყო და „უეფას“ (UEFA) რეიტინგში ჩვენზე მაღალი რეიტინგი აქვს. მაგრამ რეალურად ჩვენზე უკეთესი დონის ჩემპიონატში არ თამაშობს და უიმედოდ არ ვართ“, – ამბობს ფრუიძე.
საჩხერელთა მთავარი მწვრთნელის თქმით, გუნდს რამდენიმე ტრავმირებული მოთამაშე დაუბრუნდა: „ჩიტეიშვილი, ლეკვთაძე, ერგემლიძე მოედანს დაუბრუნდნენ და იმედია, ლუქსემბურგელებთან შეხვედრამდე დარჩენილ ერთ თვეში ფორმას აღიდგენენ. ევროთასებამდე სხვა მოთამაშეების დამატება გამორიცხული არაა, მაგრამ თუ ასე მოხდა, მხოლოდ ქართველებს მოვიწვევთ, ვისაც ვიცნობთ და ვენდობით“.