12-წლიანი თანამშრომლობის შემდეგ სოსო ფრუიძემ საჩერეს „ჩიხურა“ დატოვა – საჩხერელთა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გადადგომის მიზეზებზე კომენტარი საქართველოს პირველ არხთან გააკეთა.
„გუნდს 2007 წლიდან ვავარჯიშებ, ერთად ბევრ წარმატება მივაღწიეთ, მაგრამ ახლა დადგა დრო, წამოვსულიყავი. 12 წელი დიდი დროა და გარემოს შეცვლაა საჭირო, რომ განვითარდე. სხვათა შორის, 2-3 წლის წინაც ვამბობდი, რომ წასვლა მსურდა, მაგრამ არ გამომიშვეს. ახლა კი საბოლოო გადაწყვეტილება მივიღე. გუნდში ჩემი ყოფილი ასისტენტები დარჩნენ, ნიჭიერი ბიჭები არიან და მჯერა, გუნდს კარგად გაუძღვებიან“ – ამბობს საქართველოს პირველ არხთან „ჩიხურას” ყოფილი მთავარი მწვრთნელი.
რომელიმე გუნდში ხომ არ იწვევენ? ფრუიძეს ეს კითხვაც დავუსვით: „ჩემი წამოსვლა სხვა გუნდთან მოლაპარაკებას არ უკავშირდება. ეს გამორიცხეთ. თუმცა, იმედია, ახალი წინადადებები იქნება”.
შეგახსენებთ, რომ საჩხერეს გუნდის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, სოსო ფრუიძის ნაცვლად, „ჩიხურას” მისი ყოფილი ასისტენტი ვახტან თურმანიძე უხელმძღვანელებს.
ფრუიძე „ჩიხურას” სათავეში 2007 წელს ჩაუდგა და ამ დროის განმავლობაში გუნდის ყველაზე დაბალი პოზიცია მეხუთე ადგილი იყო. 2013 წელს გუნდი გახდა სუპერთასის მფლობელი, ხოლო 2017 წელს – დავით ყიფიანის სახელობის თასის, ევრო ტურნირის საგზური კი ექვსჯერ მოიპოვა.