სოსო ფრუიძე - „დინამოსთან“ მოგება „სამგურალს“ ფსიქოლოგიურადაც სჭირდებოდა [ვიდეო] #1TVSPORT
წყალტუბოს „სამგურალის“ მთავარმა მწვრთნელმა სოსო ფრუიძემ „დინამო თბილისთან“ მოგებული მატჩი საქართველოს პირველ არხთან შეაფასა და განაცხადა, რომ გუნდისთვის ეს გამარჯვება ყველანაირად მნიშვნელოვანი იყო.
ეროვნული ლიგის მე-10 ტურში წყალტუბოს „სამგურალმა“ „დინამო“ საკუთარ სტადიონზე მიიღო და 2:0 დაამარცხა. სოსო ფრუიძემ გუნდი აპრილში ჩაიბარა – მას შემდეგ „სამგურალმა“ სამი მატჩი ჩაატარა და სამივე მოიგო.
„რა თქმა უნდა, ეს გამარჯვება ყველანაირად მნიშვნელოვანი იყო. ჯერ ერთი, საჭირო 3 ქულა მოვიპოვეთ, რაც სატურნირო მდგომარეობის გასაუმჯობესებლად იყო კარგი. მეორეც, მიმაჩნია, რომ კარგად ვითამაშეთ და ეს არ იყო შემთხვევითი მოგება. ასეთი თამაშით ტიტულოვან კლუბს რომ სჯობნი, ცხადია, ეს თითოეული ფეხბურთელისთვის დიდი სტიმულია და და ფსიქოლოგიური განწყობის ასამაღლებლად მნიშვნელოვანია“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან სოსო ფრუიძემ.
„სამგურალის“ მთავარი მწვრთნელის თქმით, ამ მოგებამ გუნდი ეიფორიაში არ უნდა ჩააგდოს:
„ეს იყო ძალიან საამაყო გამარჯვება. ბოლო სამი მატჩიც მოვიგეთ. ჯერ სატურნირო მდგომარეობა გვაქვს გამოსასწორებელი. თუმცა, ფაქტია, რომ ამ ბიჭებს ბრძოლა და დავალებების შესრულება შეუძლიათ“.
რას ნიშნავდა მისთვის „დინამოსთან“ მოგება? ფრუიძეს ეს კითხვაც დავუსვით:
„ჩემთვის „დინამოსთან“ მოგება ძალიან სასიამოვნო და ფასეულია. მაგრამ მანამდე მოპოვებული ორი გამარჯვებაც ასევე ბევრს ნიშნავდა. „დინამოსთან“ ბიჭებს მოტივაცია არ სჭირდებოდათ, რადგან ეს საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია და კარგია, ამ წარმატებას ერთად რომ მივაღწიეთ“.