სოსო ფხაკაძე - სწორი მიდგომაა, როდესაც სახელმწიფო არასტრატეგიულ აქტივებს კერძო სექტორს გადასცემს
სოსო ფხაკაძე - სწორი მიდგომაა, როდესაც სახელმწიფო არასტრატეგიულ აქტივებს კერძო სექტორს გადასცემს

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ პრეზიდენტის, სოსო ფხაკაძის განცხაედებით, პროექტი „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ხელს შეუწყობს ბიზნეს სექტორის განვითარებას.

მისივე თქმით, სწორი მიდგომაა, როდესაც სახელმწიფო არასტრატეგიულ აქტივებს კერძო სექტორს გადასცემს, რადგან კერძო სექტორი შექმნის სამუშაო ადგილებს, ჩადებს ინვესტიციას და ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას.

„ძალიან საინტერესო პროექტია. პირველი, იმიტომ, რომ საკმაოდ სოლიდური თანხა შევა სახელმწიფო ბიუჯეტში, რაც კარგია; მეორე – ნებისმიერი აქტივი, რომელიც დღეს იყო გამოტანილი, არ არის ჩაშვებული ეკონომიკურ ბრუნვაში და ეს ხელს შეუწყობს ბიზნესის განვითარებას; მესამე – ძალიან ბევრი ქვეყნის მაგალითზე დადასტურდა, რომ სახელმწიფო არ არის კარგი ინვესტორი, ამიტომ თუ რამე გააჩნია სახელმწიფოს თავის ბალანსზე, საწარმო იქნება თუ მატერიალური აქტივი, კარგი იქნება თუ ისინი გადაეცემა კერძო სექტორს. რასაკვირველია, სახელმწიფომ უნდა დაიტოვოს სტრატეგიული აქტივები, მაგრამ ყველა არასტრატეგიული აქტივი სახელმწიფომ უნდა გადასცეს კერძო სექტორს, რამეთუ კერძო სექტორი უფრო კარგად მოუვლის ამ აქტივებს, შექმნის სამუშაო ადგილებს, ჩადებს ინვესტიციას და ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას. ძალიან ბევრი ობიექტი იყო დღეს წარმოდგენილი. რასაკვირველია, კომპანიების მხრიდან იქნება დაინტერესება სხვადასხვა მიმართულებით და სავარაუდოდ, პროცესი კარგად წარიმართება“, – განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიცირებით, ფართოვდება პროგრამა „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“.