სოსო ბარათაშვილი - მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთში ექსტრადირება დაუშვებელია
სოსო ბარათაშვილი - მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთში ექსტრადირება დაუშვებელია

თბილისის საქალაქო სასამართლო მუსტაფა ემრე ჩაბუქის საექსტრადიციო სამუშაოების დაწყებაზე პროკურატურის მოთხოვნას 6 თებერვალს 13:00 საათზე განიხილავს.

როგორც მუსტაფა ემრე ჩაბუქის ადვოკატი სოსო ბარათაშვილი აცხადებს, არსებობს უმარავი მტკიცებულება და არაერთი ორგანიზაციის დასკვნა, სადაც ნათქვამია, რომ თურქეთში ექსტრადიციის შემთხვევაში, ის დაექვემდებარება არაადამიანურ მოპყრობას და წამებას.

“ჩვენ გვაქვს მყარი მტკიცებულებები რომ დავასაბუთოთ, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადიცია არის დაუშვებელი, ეს სახელს გაუტეხს ჩვენს ქვეყანასა და მის ღირსებას. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები, რომლებიც შეეხებოდა ჩაბუქისა და მისი ოჯახისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებას, გვიჩვენებს, რომ საქართველოს ხელისუფლება, მისი სასამართლო სისტემა და აღმასრულებელი ხელისუფლება, ძალზე დიდ ანგარიშს უწევს თურქეთის ხელისუფლების უკანონო მოთხოვნას. მზად არის, რომ უდანაშაულო ადამიანი, რომელსაც მოუწევს წამება გადასცეს თურქეთის მხარეს. ჩვენ ბევრს არაფერს ველით ხვალინდელი სასამართლო პროცესისგან. სასმართლომ დაჩქარებულად დაინიშნა განხილვა და ალბათ ხვალვე მიიღებს გადაწყვეტილებას”, – განაცხადა ადვოკატმა.

მისივე ინფორმაციით, ერთი კვირის განმავლობაში სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება უზენაეს სასამართლოში გასაჩივრდეს.

ადვოკატის თქმით, თუკი უზენაესი სასამართლო ძალაში დატოვეს გადაწყვეტილებას ექსტრადიციის შესახებ იუსტიციის მინისტრს ნებისმიერ დროს შეუძლია ხელი მოაწეროს განკარგულებას ექსტრადიციის თაობაზე.

“თუ დაკმაყოფილდება პროკურატურის შუამდგომლობა, უზენაეს სასამართლოში გავასაჩივრებთ, მაგრამ პარალელურად ვაპირებთ მივმართოთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს. ეს შუამდგომლობა უკვე მომზადებულია ჩვენი და საიას მიერ ერთობლივად, რათა ევროპული სასამართლოს რეგლამენტის 39-ე წესის შესაბამისად შეჩერებულ იქნას ექსტრადიცია. ამ საკითხს ევროპული სასამართლო იხილავს 48 საათის განმავლობაში და გადაწყვეტს რამდენად დაექვემდებარება შეჩერებას”, – განაცხდა ადვოკატმა.