სოსო ბარათაშვილი - მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადირების საკითხზე სასამართლო პროცესები გაგრძელდება
სოსო ბარათაშვილი - მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადირების საკითხზე სასამართლო პროცესები გაგრძელდება

მიმაჩნია, რომ ეს არის ჩვენი სამოქალაქო საზოგადოების ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების დიდი ბრძოლის შედეგი, – ამის შესახებ დემირელის კოლეჯის ხარისხის მენეჯერის მუსტაფა ემრე ჩაბუქის ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პირველი ინსტანციის სასამართლოში პროცესი კვლავ გაგრძელდება, სადაც პირველივე სხდომაზე განხილული იქნება დაცვის მხარის წერილობითი პოზიცია ექსტრადიციის დაუშვებლობასთან დაკავშირებით.

“აქ ჩართულები იყვნენ ჟურნალისტები, პედაგოგები, სახალხო დამცველი, რიგითი მოქალაქეები, ევროპარლამენტის წევრები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ეს არის ნამდვილი ბრძოლა სამართლებრივი სახელმწიფოსთვის და დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრებისთვის. რაც შეეხება პროცედურებს, მომდევნო სასამართლო სხდომაზე, რომლის თარიღიც ჯერ არ არის ჩანიშნული, განხილული იქნება დაცვის მხარის წერილობითი პოზიცია ექსტრადაციის დაუშვებლობასთან დაკავშირებით ამის შემდეგ მოსამართლე გავა გადაწყვეტილების გამოსატანად”, – განაცხადა ბარათაშვილმა.

დემირელის კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერს, მუსტაფა ემრე ჩაბუქს წინასაექსტრადიციო პატიმრობა გირაოთი შეეცვალა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურორის შუამდგომლობა ჩაბუქისთვის პატიმრობის გირაოთი შეცვლის შესახებ დააკმაყოფილა. პროკურატურა 10 ათას ლარიანი გირაოს შეფარდებას მოითხოვდა, სასამართლომ კი, გირაოს რაოდენობა 1000 ლარზე განსაზღვრა.