საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებულ ეკონომიკური ზრდის პროგნოზს ეკონომიკის ექსპერტები აფასებენ. სოსო არჩვაძის აზრით, ეკონომიკური განვითარება გარკვეულწილად ლოკომოტივს გავს, რომელსაც სიჩქარის ასაკრეფად გარკვეული დრო და მანძილი სჭირდება. ექსპერტის თქმით, საქართველოს ეკონომიკაში ბიზნესის ხელშეწყობისა და განვითარებისათვის გატარებული ღონისძიებები უკვე იძლევიან თვალსაჩინო შედეგს.
„2018 წლის სექტემბერში ეკონომიკურმა ზრდამ 5.6 პროცენტი შეადგინა, რაც მესამე კვარტალის წინა თვეების მაჩვენებლებზე (ივლისი – 4.6%, აგვისტო – 2.0%), აგრეთვე პირველი და მეორე კვარტალის საშუალო მაჩვენებლებზე (შესაბამისად, 5.3% და 5.5%) უფრო მაღალი მაჩვენებელია. ზრდა, წლის დარჩენილ თვეებში, არსებული ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში (მათ შორის, ყურძნის მოსავლისა და გადამუშავების დიდი მოცულობის გამო) ასევე მაღალ დონეზე იქნება შენარჩუნებული“, – აცხადებს ექსპერტი.
მისივე თქმით, ეკონომიკური ზრდა მიღწეულია ეროვნული მეურნეობის როგორც რეალურ სექტორში, ისე მომსახურების დარგებში (სოფლის მეურნეობა, მრეწველობა, ვაჭრობა, საფინანსო, შუამავლობა, ტრანსპორტი, სასტუმროები და რესტორნები და ა.შ.), რაც ეკონომიკის სეგმენტურიდან უფრო ფართო და დაბალანსებული განვითარებაზე გადასვლაზე მეტყველებს.
„ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა საგარეო ვაჭრობის მონაცემებიც, რომელთა მიხედვითაც გრძელდებოდა ექსპორტის უპირატესი ზრდა იმპორტის ზრდასთან შედარებით (მატების ტემპი, წინა წლის ცხრა თვის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 25.7% და 19.1%, მათ შორის მხოლოდ სექტემბერში, წინა წლის სექტემბერთან შედარებით, შესაბამისად, 17.1% და 3.3%). აღნიშნულის გამო ექსპორტით იმპორტის გადაფარვის კოეფიციენტი 2 პუნქტით გაიზარდა (36.7%, ნაცვლად გასული წლის 34.7%-სა). აღსანიშნავია, რომ ექსპორტ-იმპორტის გადაფარვის კოეფიციენტის მხოლოდ ერთი პუნქტით ზრდა წელზე გადაანგარიშებით ქვეყანაში დაახლოებით ხუთი ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნის ეკვივალენტურია, რაც ჩვენი ქვეყნისათვის, სადაც უმუშევრობის პრობლემას თითქმის ეგზისტენციური დატვირთვა აქვს, უაღრესად მნიშვნელოვანია“, – აცხადებს სოსო არჩვაძე.
საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ დღეს განაცხადა, რომ საქართველოში ეკონომიკური ზრდა სექტემბერში 5.6 პროცენტი იყო.