სონი ჯარიდან დაბრუნდა და უკვე გუნდის განკარგულებაშია
სონი ჯარიდან დაბრუნდა და უკვე გუნდის განკარგულებაშია

„ტოტენჰემ ჰოტსპურის“ სამხრეთკორეელმა ლეგიონერმა სონ ჰინ მინმა სამშობლოში სავალდებულო სამხედრო სამსახური გაიარა და უკვე ლონდონში იმყოფება. ამის შესახებ „დეზების“ პრესსამსახური იუწყება.

„ნახეთ, ვინ დაბრუნდა!“ – ნათქვამია მოკლე განცხადებაში, რომელიც ინგლისური კლუბის ოფიციალურ „ტვიტერზე“ გამოქვეყნებულ ფოტოს ახლავს.

სამხრეთ კორეის კანონების თანახმად, 28 წლამდე ასაკის ნებისმიერი მამაკაცი ვალდებულია სამხედრო სამსახური გაიაროს, რაც 21 თვის განმავლობაში გრძელდება. 2018 წელს სონმა მშობლიურ ეროვნულ გუნდთან ერთად აზიის თამაშებში ოქროს მედლები მოიპოვა, რამაც მას საშუალება მისცა, სამხედრო სამსახურისთვის თავი აერიდებინა, თუმცა სამკვირიანი შეკრების გავლა მას მაინც მოუხდა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში სონმა პრემიერლიგის 21 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა ცხრა გოლი და გააკეთა შვიდი საგოლე გადაცემა.