სონი ბილ ვილიამსი 10 მილიონ დოლარს მიიღებს - ყველაზე ძვირადღირებული კონტრაქტი რაგბის ისტორიაში
სონი ბილ ვილიამსი 10 მილიონ დოლარს მიიღებს - ყველაზე ძვირადღირებული კონტრაქტი რაგბის ისტორიაში

„ოლ ბლექსის“ მეგავარსკვლავი სონი ბილ ვილიამსი კიდევ ერთხელ იცვლის სპორტის სახეობას. ნაციონალური რაგბი ლიგის (NRL) ორგზის ჩემპიონი, მომავალი სეზონიდან „ტორონტო ვულფფექსის“ ღირსებას დაიცავს და რაგბის ორივე კოდის ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი გახდება. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სონი ბილი კლუბთან ორწლიან კონტრაქტს აფორმებს და ხელფასის სახით სეზონზე ხუთ მილიონ აშშ დოლარს მიიღებს.

ინფორმაციას „ჩანელ ნაინის“ (Channel 9) ჟურნალისტი დენი ვეიდლერი ადასტურებს – „უკვე ბევრი იწერება იმის შესახებ, თუ სად გააგრძელებს კარიერას ვილიამსი და პასუხი უკვე ცნობილია. ახალზელანდიელი ვარსკვლავი რაგბი ლიგას დაუბრუნდება, მაგრამ არა NRL-ს, არამედ ინგლისის სუპერლიგას, სადაც „ტორონტო ვულფფექსის“ ღირსებას დაიცავს“.

შეგახსენებთ, რომ ცამეტკაცა რაგბი სონი ბილ ვილიამსისთვის უცხო არაა. პირიქითაც, კარიერა მან სწორედ სპორტის ამ სახეობაში, „ქენთბერი ბულდოგსის“ შემადგენლობაში დაიწყო და თავი შესანიშნავი ოფლოუდებით და ეფექტური ბოჭვებით 19 წლის ასაკშივე გამოიჩინა. შემდეგ ის რაგბიში გადავიდა, სადაც „ჩიფსთან“ ერთად ზე რაგბის ტიტული მოიპოვა. სონი ბილის ლიგაში ბოლო დაბრუნებაც ჩემპიონობით აღინიშნა, რომელიც მან „რუსთერზსთან“ ერთად მოიპოვა. ვილიამსმა რაგბის ორ მსოფლიო თასზე მიიღო მონაწილეობა – 2015 წელს მან ოქროს მედალი მოიპოვა, წელს კი მხოლოდ ბრინჯაოს დასჯერდა.