სომხური მედიის ინფორმაციით, მთიან ყარაბაღში 34 000-ზე მეტი დევნილი დაბრუნდა
სომხური მედიის ინფორმაციით, მთიან ყარაბაღში 34 000-ზე მეტი დევნილი დაბრუნდა

მთიან ყარაბაღში 34 000-ზე მეტი დევნილი დაბრუნდა. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, დევნილების დაბრუნების პროცესში რუსეთის სამშვიდობო კონტიგენტი მონაწილეობს.

როგორც სომხური მედია რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, მხოლოდ გასული დღე-ღამის განმავლობაში ქალაქ სტეფანაკერტში 850-ზე მეტი ადამიანი დაუბრუნდა საცხოვრებელს.

მათივე ინფორმაციით, ერევნიდან გასულ ავტობუსებს თან ახლდა რუსი სამშვიდობოების პატრული და სამხედრო პოლიცია. სამშვიდობო ოპერაციების სარდლობა სწორედ სტეპანაკერტში მდებარეობს.

9 ნოემბერს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას მთიანი ყარაბაღში საომარი მოქმედებების სრული შეწყვეტის შესახებ.