სომხური მედია - სომხეთის ექსპრეზიდენტის ძმა პარიზში გაქცევის მცდელობისას დააკავეს
სომხური მედია - სომხეთის ექსპრეზიდენტის ძმა პარიზში გაქცევის მცდელობისას დააკავეს

სომხური მედიის ცნობით, სომხეთის ექსპრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის ძმა ალექსანდრ სარგსიანი ოჯახის წევრებთან ერთად საფრანგეთში გაქცევას აპირებდა, როდესაც ის დააკავეს.

როგორც ჟურნალისტები იუწყებიან, ალექსანდრ სარგსიანი პარიზში გამგზავრებამდე სომხეთის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა მისსავე ბინაში აიყვანეს, შემდეგ კი სახლში ჩხრეკა ჩაატარეს.

მედიის ინფორმაციით, ჩხრეკის დროს ამოღებულია იარაღი, ნაღდი ფული და ერთი ძვირადღირებული ნახატი. ალექსანდრ სარგსიანი და მისი ვაჟი ამჟამად სომხეთის უსაფრთხოების სამსახურში იმყოფებიან.

აღსანიშნავია, რომ სამართალდამცველებს ამ დრომდე არ გაუვრცელებიათ ოფიციალური ცნობა, არის თუ არა დაკავებული სერჟ სარგსიანის ძმა. უსაფრთხოების სამსახურში განმარტეს, რომ განცხადებას უახლოეს ხანში გააკეთებენ.

შეგახსენებთ, ალექსანდრ, იგივე საშიკ სარგსიანი პოლიციის სპეციალურმა დანაყოფებმა პირველად 25 ივნისს დააკავეს. მაშინ მას ბრალად იარაღის უკანონო ტარება ედებოდა, თუმცა იმავე დღეს გაათავისუფლეს.

შეგახსენებთ, სომხეთში სერჟ სარგსიანის კიდევ ერთი ძმის, ლევონის წინააღმდეგაც აღძრეს საქმე. ლევონს და მის შვილებს უკანონო შემოსავლების მიღებაში ადანაშაულებენ.