სომხური მედია - ჯო ბაიდენმა ნიკოლ ფაშინიანისთვის გაგზავნილ წერილში სომხეთთან უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის განმტკიცების პირობა დადო
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანისთვის გაგზავნილ წერილში სომხეთთან უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის განმტკიცების პირობა დადო, – ამის შესახებ სომხური მედია წერს.
მედიის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის წერილი ნიკოლ ფაშინიანს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა, სამანტა ფაუერმა გადასცა, რომელიც დღეს ერევანში იმყოფება.
„ვთხოვე სამანტა ფაუერს, ჩვენი კაბინეტის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან წევრს, პერსონალურად დაგიდასტუროთ აშშ-ისა და ჩემი ადმინისტრაციის მტკიცე მხარდაჭერა სომხეთის მისწრაფებაში, რომელიც მიმართულია მდგრადი რეგიონული მშვიდობისკენ, რითიც გარანტირებული იქნება სომხეთის სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა, ტერიტორიული მთლიანობა და დემოკრატია“, – ნათქვამია წერილში.
ბაიდენს თქმით, სომხეთის მთავრობა მონაწილეობდა აზერბაიჯანთან სამშვიდობო მოლაპარაკებებში, ასევე გაატარა მნიშვნელოვანი ეკონომიკური რეფორმები, გააუმჯობესა მთავრობის ანგარიშვალდებულება და გააძლიერა დემოკრატიული ინსტიტუტები.
„მე გარწმუნებთ, რომ აშშ გააგრძელებს სომხეთის მხარდაჭერას დემოკრატიის გაძლიერების ძალისხმევაში ქვეყნის შიგნით და სტაბილურობის დამკვიდრებაში თქვენს სამეზობლოში. ჩვენ ასევე გავაგრძელებთ ჩვენი თანამშრომლობის განმტკიცებას ენერგეტიკულ დივერსიფიკაციაში, მედეგობასა და უსაფრთხოებაში, რისი დემონსტრირებაც მოხდა სომხეთში ჩატარებული სამხედრო წვრთნებით“, – ნათქვამია წერილში.