სომხეთში რუსეთის ელჩი - აშშ სომხეთთან ურთიერთობას რუსეთთან დაპირისპირების კონტექსტში განიხილავს, რამაც შეიძლება, ზიანი მიაყენოს სომხურ-რუსულ ურთიერთობებს
სომხეთში რუსეთის ელჩი - აშშ სომხეთთან ურთიერთობას რუსეთთან დაპირისპირების კონტექსტში განიხილავს, რამაც შეიძლება, ზიანი მიაყენოს სომხურ-რუსულ ურთიერთობებს

აშშ სომხეთთან ურთიერთობას რუსეთთან დაპირისპირების კონტექსტში განიხილავს, რამაც შეიძლება, ზიანი მიაყენოს სომხურ-რუსულ ურთიერთობებს, – ამის შესახებ სომხეთში რუსეთის ელჩმა, სერგეი კოპირკინმა განაცხადა.

„სამწუხაროდ, ჩვენი ურთიერთობები უფრო ფართო დაპირისპირების ობიექტი ხდება და ამას აშშ არ მალავს. ისინი ღიად ამბობენ, რომ სომხეთთან ურთიერთობას უყურებენ სწორედ რუსეთსა და ირანთან დაპირისპირების კონტექსტში. ეს ძალიან საშიშია და შეიძლება, რეალური ზიანი მიაყენოს სომხურ-რუსულ ურთიერთობებს, თუ სომხურ მხარეს არ იქნება საკმარისი პოლიტიკური ნება, დაიცვას ჩვენი ურთიერთობების მთელი სპექტრი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვეულებრივი ადამიანებისთვის“, – განაცხადა სერგეი კოპირკინმა.

რუსმა დიპლომატმა ასევე აღნიშნა, რომ 2020 წელს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე რუსი მესაზღვრეების სადამკვირვებლო პუნქტები სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის პირადი მოთხოვნით განთავსდა. სომხეთში რუსეთის ელჩმა თქვა, რომ რუსეთი მზადაა, შეასრულოს თავისი მოკავშირული ვალდებულებები სომხეთის წინააღმდეგ საგარეო აგრესიის შემთხვევაში და სერიოზულად ეკიდება თავის ვალდებულებებს იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით.