სომხეთში რუსეთის ელჩი აცხადებს, რომ სომხეთიდან 102-ე რუსული სამხედრო ბაზის გაყვანა ორმხრივი მოლაპარაკებების დღის წესრიგში არ დგას
სომხეთში რუსეთის ელჩი აცხადებს, რომ სომხეთიდან 102-ე რუსული სამხედრო ბაზის გაყვანა ორმხრივი მოლაპარაკებების დღის წესრიგში არ დგას

სომხეთიდან 102-ე რუსული სამხედრო ბაზის გაყვანა ორმხრივი მოლაპარაკებების დღის წესრიგში არ დგას, – ამის შესახებ სომხეთში რუსეთის ელჩმა, სერგეი კოპირკინმა, გაზეთ „სუნიაც ერკერთან“ ინტერვიუში განაცხადა.

რუსი დიპლომატის თქმით, სომხურმა მხარემ ეს ყველა დონეზე ნათლად განაცხადა.

„რუსეთის სამხედრო ყოფნა სომხეთის უსაფრთხოების სისტემის სასიცოცხლო საყრდენად და რეგიონული სტაბილურობის მნიშვნელოვან ფაქტორად რჩება. ამავდროულად, ჩვენი ჯარები რეგიონში არავისთვის საფრთხეს არ წარმოადგენენ. თავდაპირველად, სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ყოფნის შესახებ ხელშეკრულებას ხელი მოეწერა მოსკოვში 1995 წლის 16 მარტს, 25 წლით, ყოველ 5 წელიწადში ერთხელ ავტომატური განახლებით. მოგვიანებით, 2010 წელს, ერევანში, ჩვენმა ქვეყნებმა ხელი მოაწერეს დოკუმენტის დამატებით ოქმს, რომლითაც რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო ნაწილების სომხეთის ტერიტორიაზე განლაგება 2044 წლამდე გაგრძელდა, ყოველ 5 წელიწადში ერთხელ განახლების შესაძლებლობით“, – განაცხადა სერგეი კოპირკინმა.