სომხეთში H1N1 ვირუსის შედეგად ქალი გარდაიცვალა. გრიპის ვირუსით დაავადებული რამდენიმე ადამიანი კი, რეანიმაციაში იმყოფება. ამის შესახებ სომხური მედია სომხეთის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნული ცენტრის დირექტორზე, არტავაზდ ვანიანზე დაყრდნობით იტყობინება.
მისივე ცნობით, გარდაცვლილ ქალს რამდენიმე ქრონიკული დაავადება ჰქონდა.
სომხეთის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ამჟამად სტაციონარულ მკურნალობას გრიპით დაავადებული 693 ადამიანი გადის, რაც დაახლოებით, გასული წლის ანალოგიური მაჩვენებლის შესაბამისია.
„პანიკის საბაბი არ არის. გრიპით დაავადების ამგვარი სურათი ყოველ წელს არის. მოცემულ მომენტში სკოლებსა და საბავშვო ბაღებში კარანტინის გამოცხადების საფუძველი არ არსებობს“, – განაცხადა ვანიანმა.