სომხეთში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკების დროს 13 ადამიანი დაშავდა
სომხეთში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკების დროს 13 ადამიანი დაშავდა

სომხეთში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკების დროს 13 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს პრესმდივანი ავრცელებს.

ვებგვერდ “ჰექტ.ამ”-ის ინფორმაციით, საპროტესტო აქცია ქალაქ იჯევანში გაიმართა. ამავე წყაროს ცნობით, აქციის მონაწილეებმა საქართველოსკენ მიმავალი გზა გადაკეტეს და ზამთრის სეზონისთვის ტყეში შეშის შეგროვების უფლება მოითხოვეს. სამართალდამცავებმა ჩახერგილი გზის გახსნა სცადეს, რასაც შეტაკებები მოჰყვა. დემონსტრანტებმა პოლიციელებს ქვები დაუშინეს.

შედეგად საავადმყოფოში 13 ადამიანი მოხვდა. სომხეთის ჯანდაცვის სამინისტრის ცნობით, მათ ძირითადად მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ.

როგორც სომხური მედია წერს, საპროტესტო აქციამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს განკარგულებით გზაზე 24 საათიანი საგუშაგოები დააყენეს, რომელთა მიზანიც ხე-ტყის უკანონო გაჩეხვის შემთხვევების აღმოფხვრაა.