სომხეთში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანში 17 სომეხი სამხედრო არის ტყვედ აყვანილი
სომხეთში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანში 17 სომეხი სამხედრო არის ტყვედ აყვანილი

აზერბაიჯანულ მხარეს ტყვედ 17 სომეხი სამხედრო ჰყავს, – სომხეთის საინფორმაციო სააგენტო „ნიუს.ამი“ წერს, რომ ამის შესახებ სომხეთის საგამოძიებო კომიტეტის კრიმინალური სამმართველოს უფროსმა, რაფაელ ვარდანიანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ვარდანიანის თქმით, კიდევ ორი ჯარისკაცისა და ერთი სამოქალაქო პირის შესახებ ინფორმაციის გადამოწმება მიმდინარეობს. სომხეთის საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენელი ამბობს, რომ სომხური მხარე საკითხთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსთან მუშაობს.

ამას გარდა, ვარდანიანმა აღნიშნა, რომ სისხლის სამართლის გამოძიების ფარგლებში დაკითხულია ტყვედ აყვანილი ორი აზერბაიჯანელი სამხედრო.

„ტყვეები იმყოფებიან საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ყველა ნორმის დაცვით. მათ აღმოუჩინეს უმაღლესი დონის სამედიცინო დახმარება, უზრუნველყოფილი არიან სამჯერადი კვებით“, – აცხადებს სომხეთის საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენელი.