სომხეთმა ტერაქტების სერიის აღკვეთის შესახებ განაცხადა
სომხეთმა ტერაქტების სერიის აღკვეთის შესახებ განაცხადა

სომხეთის უსაფრთხოების სამსახურმა ქვეყანაში ტერაქტების სერიის აღკვეთის შესახებ განაცხადა.

უწყების ინფორმაციით, გამოვლენილია დანაშაულებრივი ქსელი, რომლის მიზანი ტერორისტული აქტების მომზადება და განხორციელება იყო.

მათი ინფორმაციით, წარმოშობით სომეხმა, ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე რ.კ.-მ 2017 წლის სექტემბერში Martin Avagyan-ის სახელით სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ გვერდი შექმნა.

ის სწორედ ამ გვერდის მეშვეობით მოუწოდებდა მოქალაქეებს ძალადობისკენ და მოქმედებებისკენ სამართალდამცველებისა და მაღალჩინოსნების წინააღმდეგ.

უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, რ.კ. ცდილობდა დანაშაულებრივი ჯგუფის შექმნას, როგორც სომხეთში, ისე მის ფარგლებს გარეთ მცხოვრები მოქალაქეების მონაწილეობით.

„აღნიშნული პიროვნება, რჩევებით, მითითებებით და ფინანსური საშუალებებით, შუამავლების მეშვეობით ამზადებდა ტერორისტულ მოქმედებებს სომხეთის ტერიტორიაზე“, – აღნიშნულია სომხეთის უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მოქალაქეს დაუსწრებლად ბრალი წაუყენეს, მასზე ძებნა გამოაცხადეს, საქმის მასალები კი შეერთებულ შტატების შესაბამის სამსახურებს გადასცეს.